ისრაელიანები ხალხი მზად იყვნენ ქანაანში შესასვლელად. ღმერთმა მათ უდაბნო გადაალახვინა და ისინი მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზე იყვნენ აღთქმული მიწიდან. მოსემ გაგზავნა თორმეტი მზვერავი მიწის შესასწავლად. ორმოცი დღის შემდეგ მზვერავები დაბრუნდნენ მშვენიერი ყურძნით და ქანაანის საოცრებებზე ინფორმაციით. მაგრამ, ისინი ამბობდნენ რომ, ქანაანელები ძლიერები არიან და დიდ ქალაქებში ცხოვრობენო. მათ თვალში კალიებივით ვჩანდითო!
მხოლოდ ორ მზვერავს, იესო ნავეს ძეს და ხალებს სჯეროდათ ღვთის დაპირების, გამარჯვების შესახებ. ხალებმა თქვა: „წავიდეთ და დავიმკვიდროთ ის ქვეყანა, რადგან ძალგვიძს მათი ძლევა” (რიცხვთა 13:31). იესო ნავეს ძემ და ხალებმა ნახეს იგივე მიწა, რაც სხვა მზვერავებმა. მათ დაინახეს ქალაქები უზარმაზარი კედლებით. მათ დაინახეს დიდი მეომრები.
მაგრამ იესო ნავეს ძემ და ხალებმა დაინახეს ის, რაც სხვა მზვერავებმა ვერ დაინახეს - მათ დაინახეს, რომ ღმერთი, რომელმაც ისრაელი ეგვიპტიდან გამოიყვანა, ისრაელს ქანაანში შეიყვანდა. მათ დაინახეს, რომ ღმერთი, რომელმაც დასცა ფარაონის ჯარი, იერიხოს კედლებსაც დასცემდა. მათ დაინახეს, რომ აბრაამის ღმერთი იყო მოსეს ღმერთიც. ღმერთმა თქვა, რომ ხალებს „სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მომყვებოდა” (რიცხვთა 14:24).
იმის გამო, რომ ისინი არ ერწმუნენ მას, ღმერთმა დასაჯა უფროსი თაობა უდაბნოში სიკვდილით. ორმოცი წლის შემდეგ ისრაელი შევიდა ქანაანში და დადგა მიწის განაწილების დრო. ხალები ოთხმოც წელზე მეტის იყო. უთხრა იესო ნავეს ძეს: „ჯერ კიდევ ძლიერი ვარ, როგორც იმ დღეს, მოსემ რომ გამგზავნა... ახლა მომეცი ეს მთა დიდი და გამაგრებული ქალაქებით.” დიახ, იქ იყო ძლიერი ქალაქები, ძლიერი მეომრებით. მაგრამ ხალებს ღვთის დაპირებების რწმენა ჰქონდა. „ეგებ უფალი იყოს ჩემთან და გავნდევნო ისინი, როგორც ბრძანა უფალმა” (იესო ნავეს 14:11-12).
რამ მისცა ხალებს ასეთი თავდაჯერებულობა? განუყოფელმა გულმა. ხალებმა თქვა: „მე კი ბოლომდე მივყევი უფლის, ჩემი ღმერთის კვალს” (იესო ნავეს 14:8). ხალები მთელი გულით ენდობოდა ღმერთს. ის იყო განუყოფელი გულის მქონე კაცი.
სრულყოფილი გული არის განუყოფელი გული
ისტორიული წიგნები მოგვითხრობს ისრაელის ტრაგიკული წარუმატებლობის შესახებ იმაში, რომ ყოფილიყო ის, რადაც ღმერთმა მოუწოდა თავის ხალხს, რომ ყოფილიყო. ისტორიული წიგნები გვიჩვენებს, თუ როგორ გადაუხვია ისრაელმა ღვთის გეგმებისგან. ისრაელი იყო მოწოდებული, რათა წარმოედგინა ღმერთი სხვა ერებისთვის. ამის ნაცვლად, ის ცრუ ღმერთებს მიუბრუნდა. მისი წარუმატებლობის გამო ისრაელი დამარცხდა და გადაასახლეს. მისი დიდება სირცხვილად იქცა.
ორგულობის ტრაგიკულ სურათებთან ერთად, ისტორიულ წიგნებში ნაჩვენებია წმიდა ადამიანები, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს. მაშინ, როდესაც ისრაელში ბევრმა უღალატა ღმერთს (მსაჯულების წიგნი), ახალგაზრდა მოაბიელი ქვრივი ერთგული იყო (რუთი). გადასახლებაშიც კი (4 მეფეთა), ახალგაზრდა ებრაელი გოგონა დაემორჩილა ღვთის მოწოდებას და გადაარჩინა თავისი ხალხი (ესთერი). ეს ხალხი ღმერთს მთელი გულით ემორჩილებოდა. ისინი წმიდები იყვნენ.
ისტორიული წიგნები გვასწავლიან, რომ იყო წმიდა ნიშნავს ღმერთს ემსახურო სრული ერთგულებით. სიწმიდე არ ნიშნავს სრულყოფილ შესრულებას. სიწმიდე ნიშნავს ემსახურო ღმერთს განუყოფელი გულით.
ძველი აღთქმის ადრეულ თარგმანებში სიტყვა „სრულყოფილი“ გამოიყენებოდა ებრაული სიტყვის შალემის გადმოსათარგმნად. შალემი ატარებს იდეას "იყო სრულქმნილი". იყო სრულყოფილი, ნიშნავს იყო სრულქმნილი. იყო წმიდა ნიშნავს ეკუთვნოდე ღმერთს სრულად.
შალემი დაკავშირებულია ებრაულ სიტყვასთან, რომელიც ნიშნავს მშვიდობას, შალომს. იყო ღმერთის წინაშე სრულყოფილი ნიშნავს გქონდეს მასთან მშვიდობა („სრულად იყოს თქვენი გული მიძღვნილი უფლისადმი”) (3 მეფეთა 8:61). გქონდეს "სრულყოფილი გული" ნიშნავს გქონდეს გული, რომელიც არის "სრული" ან "განუყოფელი", გული, რომელსაც ერთგულება აქვს მხოლოდ ერთის მიმართ. მოდით შევხედოთ ისტორიულ წიგნებში სიტყვების "სრულყოფილი" ან "განუყოფელი" რამდენიმე მაგალითს.
არმია განუყოფელი (ერთიანი) მიზნით
საულის სიკვდილის შემდეგ ჩრდილოეთის ტომებმა იშბოშეთი გაამეფეს, ხოლო იუდას სახლი დავითს გაჰყვა. იყო ორწლიანი სამოქალაქო ომი, რომელშიც დავითი იუდას ხელმძღვანელობდა, ჩრდილოეთის ტომების წინააღმდეგ. ორი წლის შემდეგ იშბოშეთი საკუთარმა მეთაურებმა მოკლეს. ლაშქარი გაერთიანდა დავითის გასამეფებლად მთელს ისრაელზე. ერი ახლა ერთი მეფის ქვეშ იყო გაერთიანებული.
ყველანი გამოცდილი მებრძოლნი იყვნენ, საომრად დარაზმულნი; მთელი გულით მოვიდნენ ხებრონს, დავითის გასამეფებლად ისრაელზე. დანარჩენი ისრაელიც ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებლად (1 ნეშტთა 12:38).
ლაშქარი „მთელი გულით (შალემით) მოვიდა ხებრონში დავითის გასამეფებლად.” ადრეულ თარგმანებში გამოიყენება ფრაზა „სრულყოფილი გულით” (მეფე ჯეიმსის ვერსია (KJV)). „სრულყოფილი“ არ ნიშნავს იმას, რომ ჯარში არავინ შესცოდა. ეს ნიშნავს, რომ ერი იყო დავითის „სრულიად ერთგული“. ისინი ერთი მეფის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულნი. ამ მუხლში შალემი არ არის რელიგიური ტერმინი; ეს არის პოლიტიკური ტერმინი. შალემი ნიშნავს მეფისადმი განუყოფელ ერთგულებას.
სამსხვერპლო მთლიანი (დაუმუშავებელი) ქვებით
როდესაც ისრაელი აღთქმულ მიწაზე შევიდა, იესო ნავეს ძემ ღებალის მთაზე სამსხვერპლო ააგო. იესო ნავეს ძემ ააგო სამსხვერპლო „მთლიანი (შალემის) ქვებისგან, რომლებზეც რკინა არ აღმართულა“ (იესო ნავეს 8:31). „დაუმუშავებელი“ იგივე სიტყვაა, რაც „მთელი“ ან „სრულყოფილი“. იყო შალემი, ნიშნავს იყო განუყოფელი.
განუყოფელი გული
ტაძრის მიძღვნისას სოლომონმა მოუწოდა ისრაელიანებს ემსახურათ ღმერთისთვის განუყოფელი გულით.
ამიტომ სრულად იყოს თქვენი გული მიძღვნილი (შალემი) უფლისადმი, თქვენი ღმერთისადმი, რათა ცხოვრობდეთ მისი წესებით და იცავდეთ მის მცნებებს, როგორც დღეს (3 მეფეთა 8:61).
ეს არის იგივე სიტყვა, რომელიც გამოიყენება დავითის მეთაურობით გაერთიანებული ჯარის აღსაწერად. ეს არის იგივე სიტყვა, რომელიც გამოიყენება დაუმუშავებელი ქვების აღსაწერად. სოლომონმა მოუწოდა ისრაელს ღმერთის განუყოფელი ერთგულებისკენ. თუკი ისრაელიანებს ექნებოდა ეს განუყოფელი გული, ისინი „ივლიდნენ მისი გზებით და დაიცავდნენ მის მცნებებსა და დადგენილებებს.” განუყოფელი გულის მქონე ადამიანი ნებით ემორჩილება ღმერთს.
გაყოფილი გულები და განუყოფელი გულები
ისრაელის მეფეების ისტორია გვიჩვენებს, რომ ღმერთი მოუწოდებს თავის ხალხს ემსახურონ მას განუყოფელი გულით. ღმერთი ეძებს წმიდა ადამიანებს. ღმერთი ეძებს განუყოფელ გულებს.
მეფე სოლომონი: გაყოფილი გული
ტაძრის მიძღვნისას სოლომონმა მოუწოდა ისრაელს, რომ განუყოფელი გულით ემსახურათ ღმერთსისთვის. სამწუხაროდ, სოლომონმა არ შეასრულა საკუთარი რჩევა. „სიბერის ჟამს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი (შალემი) აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული” (3 მეფეთა 11:4).
სოლომონის გული გაიყო. მას სურდა ისრაელის ღმერთის თაყვანისცემა და ამავდროულად სხვა ღმერთების მიმართ მსახურებაც. თქვენ ვერ შეძლებთ იყოთ ერთგული როგორც უფლის (იაჰვეს), ისე სხვა ღმერთების მიმართ. 3 მეფეთა წიგნის ავტორი არ ამბობს, რომ სოლომონმა მიატოვა უფლის (იაჰვეს) თაყვანისცემა. სოლომონმა განაგრძო მსხვერპლშეწირვა ტაძარში, მაგრამ მისი გული გაიყო. ის ცდილობდა ემსახურა ღმერთისთვის გაყოფილი გულით.
3 მეფეთა 11:4-ში ჩვენ ვკითხულობთ ღვთის შეხედულებას დავითისა და სოლომონის გულების შესახებ. დავითის გული განუყოფელი იყო; სოლომონის გული კი გაიყო. ადამიანური გადმოსახედიდან დავითის მრუშობა და მკვლელობა შეიძლება უფრო უარესად მივიჩნიოთ, ვიდრე სოლომონის განდგომილება. რატომ ამბობს მეფეთა წიგნის ავტორი, რომ დავითის გული „სრულიად ერთგული“ იყო უფლის მიმართ?
განსხვავება დავითის ცოდვაზე პასუხშია. როცა წინასწარმეტყველი დავითს დაუპირისპირდა, დავითმა მაშინვე მოინანია. დავითს თავი არ დაუცავს. ამის ნაცვლად, მან აღიარა ღვთის წინაშე: „შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში” (ფსალმუნის 50:4). დავითი განუყოფელი გულით ემსახურებოდა ღმერთს. მისი გული შალემი იყო. მისი გული განუყრელი იყო.
85-ე ფსალმუნი ასახავს დავითის დიდ სურვილს ჰქონდეს განუყოფელი გული. 85-ე ფსალმუნში დავითი ლოცულობს დახსნისთვის იმ მტრებისგან, რომლებიც მის მოკვლას ცდილობენ. ამ ლოცვის შუაში დავითი ღაღადებს: „წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით” (ფსალმუნის 85:11). დავითი ლოცულობს განუყოფელი გულისთვის. ის ცდილობდა ღმერთისღვის სრულყოფილი გულით ემსახურა.
მეფე ასა: გაყოფილი გული
ასა იუდეის ტახტზე ძვ.წ 910 წელს ავიდა. ის უფლის (იაჰვეს) ერთგული იყო; მან გაანადგურა ცრუ ღმერთების სამსხვერპლოები; მან დაანგრია მაღალი ადგილები, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობისთვის იყო გამოყენებული. როდესაც ქუშელი გენერალი ზერახი უზარმაზარი ჯარით თავს დაესხა იუდას, ასამ ღმერთს შეჰღაღადა ხსნისთვის:
უფალო! მხოლოდ შენ შეგიძლია შეეწიო უძლურს ძლიერის წინააღმდეგ. შეგვეწიე უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენს სახელზე მინდობილნი გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო! ჩვენი ღმერთი ხარ შენ, დაე ნურავინ შეძლებს შენზე აღმატებას (2 ნეშტთა 14:11).
ღმერთმა უპასუხა ასას ლოცვას. „შემუსრა უფალმა ქუშელნი ასასა და იუდას წინაშე და გაიქცნენ ქუშელნი” (2 ნეშტთა 14:12). ასა სრულად მიენდო ღმერთს და ღმერთმა მას დიდი გამარჯვება მიანიჭა.
გავიდა ოცი წელი და ასა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. ამჯერად ჩრდილოეთის ტომების მეფე ბაყაშა დაემუქრა იუდას. მისი შიშით ასამ გადაწყვიტა სამხედრო ალიანსის დამყარება სხვა ერთან. მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას არამის მეფე ბენ-ჰადადთან. იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ღმერთს მინდობოდა, ასა წარმართ მმართველს მიენდო.
საპასუხოდ, წინასწარმეტყველმა ხანანმა შეახსენა ასას წარსული გამარჯვება ქუშელთა უზარმაზარ არმიაზე. მან შეახსენა ასას, რომ როდესაც „უფალს მიენდე, ხელში ჩაგიგდო ისინი.” რატომ გააკეთა ღმერთმა ეს? რადგან „მთელ დედამიწას ადევნებს თვალს უფალი, რათა განამტკიცოს და მხარი დაუჭიროს მათ, ვინც მთელი გულით (შალემი) მასზეა მინდობილი” (2 ნეშტთა 16:9).
როდესაც ასა ღმერთს სრულად მიენდო, ღმერთმა მას დიდი გამარჯვება მიანიჭა. მაგრამ ახლა ასა არამის მეფეს ეყრდნობოდა. იმის გამო, რომ ასა მხოლოდ ღმერთზე აღარ იყო დანდობილი, ღმერთი აღარ იხსნიდა მას საფრთხისგან. ხანანმა ასა გააფრთხილა, რომ ომები მოუწევდა მთელი მისი მეფობის განმავლობაში.
ასას მეფობის ბოლო წლები, მისი ადრეული წლების, ნათელი იმედების მხოლოდ აჩრდილი იყო. სიცოცხლის ბოლოს ასა ავად გახდა, მაგრამ „თავის სნეულებაშიც არ უძებნია უფალი” (2 ნეშტთა 16:12).
ასას მეფობა ბევრ სხვა მეფეზე უკეთესი იყო. ასას არასოდეს მიუტოვებია უფლის (იაჰვეს) თაყვანისცემა, მაგრამ მისი გული არ იყო განუყოფელი ღვთის მიმართ. მან ვერ შეძლო ღმერთზე სრულად მინდობა. ამის გამო ასამ ვერ მიაღწია ღვთისგან საუკეთესოს.
ასას ცხოვრება გაყოფილი გულის საფრთხის ნათელი მაგალითია. პირველ შემთხვევაში ასა ღმერთს მთლიანად მიენდო. მეორე შემთხვევაში ის განაგრძობდა ღვთის ხალხის წინამძღოლად მსახურებას, მაგრამ მისი გული არ იყო სრულყოფილი. ღმერთის სრული ნდობის ნაცვლად, მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ღვთის მტერთან. ასას გაყოფილი გული ჰქონდა.
მეფე ამაცია: გაყოფილი გული
ამაცია აჩვენებს გაყოფილი გულის საფრთხეს. ამაციას მეფობა დიდი დაპირებით დაიწყო: ”სწორად იქცეოდა უფლის თვალში” (4 მეფეთა 14:3; 2 ნეშტთა 25:2). ასას მსგავსად, ამაციამაც კარგად დაიწყო.
თუმცა, ორივე - მეფეების და ნეშტთა წიგნები აფრთხილებენ საშიშროების შესახებ. მეფეთა წიგნის ავტორი ამბობს, რომ ამაცია სწორად იქცეოდა უფლის თვალში, „მაგრამ არა მამამის დავითივით.” ნეშტთა წიგნის ავტორი ამბობს, რომ ამაცია სწორად იქცეოდა უფლის თვალში, „მაგრამ არა მთელი გულით.” მან არ დაანგრია "მაღალი ადგილები". ამის გამო ხალხი აგრძელებდა ცრუ ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვას. გაყოფილი გულის მქონე ლიდერმა, ერი უბედურებაში შეიყვანა.
ასას მსგავსად, ამაციამაც აღმოაჩინა, რომ ღმერთის მიმართ გაყოფილი გულით მსახურებას უბედურება მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამაციას მეფობა კარგად დაიწყო, მან მოგვიანებით ედომის ღმერთების თაყვანისცემა დაიწყო. სასჯელად ღმერთმა დაუშვა ჩრდილოეთ სამეფოსგან ამაციას დამარცხება. ამაციას ადრეული მეფობის დაპირება არასოდეს შესრულებულა, რადგან მას გაყოფილი გული ჰქონდა. ამაციას გული არ იყო სრულყოფილი.
დაე არაფერი ვიყო ჩემთვის, რათა შენთვის ყველაფერი ვიყო.”
- ერასმუსი
სიწმიდე პრაქტიკაში: სიწმიდე იწყება გულიდან
იესო ესაუბრებოდა რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებიც ძალიან ზრუნავდნენ გარეგნობაზე, მაგრამ არ უფრთხილდებოდნენ გულს.
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში - სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ. ბრმა წინამძღოლებო! კოღოს მწურავნო და აქლემის მშთანთქმელნო! (მათეს 23:23-24).
ეს რელიგიური ლიდერები ყურადღებით იცავდნენ რჯულის კანონებს, მაგრამ არ იცავდნენ უფრო მნიშვნელოვან, შინაგან რჯულს. იესომ დაგმო მათი ცრუ რელიგია. „თქვენ კოღოს წურავთ (წვრილმანებზე ამახვილებთ ყურადღებას), მაგრამ აქლემს შთანთქავთ (დიდი პრობლემების იგნორირებას ახდენთ). სიწმიდე გულიდან იწყება.
თუ მხოლოდ გარეგნობაზე ვიფიქრებთ, შეიძლება ვთქვათ:
„მე წმინდა ვარ, რადგან არ ვიცვამ _______________.”
„მე წმინდა ვარ, რადგან არ მივდივარ _______________.”
„მე წმინდა ვარ, რადგან არ ვუყურებ _______________.”
როდესაც ვაცხადებთ, რომ წმიდები ვართ იმის გამო, რასაც ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, შეიძლება ფარისევლებს დავემსგავსოთ. იესომ მოუყვა ფარისეველზე, რომელიც ლოცულობდა: „გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ - მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან” (ლუკას 18:11-12). ამ ფარისეველმა სიწმიდე თავისი მოქმედებებით განსაზღვრა: „არა ვარ მძარცველი; უსამართლო; ვმარხულობ; მეათედს ვიძლევი“. ის ამტკიცებდა, რომ წმიდა იყო, მაგრამ მისი გული არ იყო წმიდა.
ფარისევლები ამაყობდნენ ქვეყნიერებისგან განშორებით, მაგრამ მათი გული არ იყო წმიდა. იესომ თქვა: „შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსენი არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით” (მათეს 23:27). გარეგნულად, ფარისევლები ქვეყნიერებას გამოყოფილნი იყვნენ; შინაგანად კი ცოდვილნი.
► რომლის გაზომვა უფრო ადვილი ჩანს - გარეგნობის თუ შინაგანი სიწმიდის? რომლის გაყალბება უფრო ადვილია - გარეგნობის თუ შინაგანი სიწმიდის? რომლის ხაზგასმა უფრო გვსურს - გარეგნობის თუ შინაგანი სიწმიდის?
მაგალითი ხიზკიაჰუსგან
გამოყოფის კანონები მნიშვნელოვანი იყო იმის სწავლებისთვის, რომ ღმერთს სჭირდება წმიდა ხალხი. მაგრამ ღმერთი ყოველთვის უფრო მეტად ზრუნავდა თავისი ხალხის გულებზე, ვიდრე რიტუალებზე.
ხიზკიაჰუს გამოღვიძებიდან ეს ისტორია ასახავს ამ პრინციპს. ტაძრის გაწმედის შემდეგ ხიზკიაჰუმ აღადგინა პასექის დღესასწაული. მან მოუწოდა ერს „მისულიყვნენ უფლის სახლში, იერუსალიმში, უფლის, ისრაელის ღმერთის პასექის აღსასრულებლად.” ხიზკიაჰუს მაცნეებმა მთელი ისრაელი მოიარეს და ხალხი ამ ცერემონიაზე მოიწვიეს. ბევრგან ხალხი „ამასხარავებდნენ და აბუჩად იგდებდნენ. მხოლოდ ზოგიერთებმა აშერის, მენაშესა და ზებულონის ტომთაგან დაიმდაბლეს თავები და მოვიდნენ იერუსალიმში” (2 ნეშტთა 30:1, 10-11).
როდესაც მათ დაიწყეს პასექის კრავების დაკვლა, „ბევრი იყო განსაწმენდი კრებულში.” იმის გამო, რომ ერი დიდი ხნის განმავლობაში იყო ტაძარში თაყვანისცემის გარეშე, ხალხი უწმიდური იყო და მზად არ იყო პასექის აღსანიშნავად. რა უნდა გაეკეთებინათ მღვდლებს? ღმერთმა ნება მისცა ხალხს აღენიშნათ პასექი, რადგან მათი გული ღმერთს ეძებდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ რიტუალურად განწმედილნი.
ხალხის უმრავლესობა, მეტწილად ეფრემის, მენაშეს, ისაქარისა და ზებულონის ტომებიდან არ განწმენდილა, მაგრამ მაინც ჭამეს პასექი, დაწერილის საწინააღმდეგოდ, რადგან ასე ილოცა მათთვის ხიზკიაჰუმ: „სახიერმა უფალმა აპატიოს ყველას, ვინც გული მოიმზადა ღმერთის, უფლის, თავისი მამების ღმერთის საძიებლად, თუმცა საწმიდის წესით არ განწმენდილან”. ისმინა უფალმა ხიზკიაჰუსი და აპატია ხალხს (2 ნეშტთა 30:18-20).
ღმერთი ეძებდა განუყოფელ გულებს. მაშინაც კი, როდესაც ხალხი ვერ ასრულებდა გამოყოფის რიტუალებს, ღმერთი ეძებდა გულებს, რომლებიც გამოყოფილი იყო ღმერთის საძიებლად.
წმიდა ხალხი თავის გულებს ღმერთს უძღვნის
სიწმიდე ყოველთვის ღმერთით იწყება. ყველაფერი წმიდა მას ეკუთვნის. ღმერთმა განწმიდა შაბათი, მიწა ცეცხლმოკიდებული მაყვლოვანის ბუჩქთან, ისრაელის პირმშოები, კარავი, სამსხვერპლო და ლევიანები. ღმერთმა ეს თავისთვის მოითხოვა. ისინი წმიდანი გახდნენ ღვთის თანდასწრებით.
სიწმიდე იწყება ღმერთით, მაგრამ ღმერთი მოგვიწოდებს, თავი მივუძღვნათ მას. თუ ჩვენ წავიკითხავთ მხოლოდ იმ მუხლებს, რომლებშიც ღმერთი ამბობს: „მე განგწმედთ“, შეიძლება გადავწყვიტოთ, რომ განწმედა მხოლოდ ღმერთის მოქმედებაა. თუმცა, ბიბლია გვიჩვენებს, რომ სიწმინდე ადამიანისგან პასუხს მოითხოვს.
გამოსვლის მე -19 თავში მოყვანილია მაგალითი. ღმერთმა უბრძანა მოსეს: „წადი ხალხთან და განწმიდე ისინი.” „ასე რომ, მოსემ… განწმიდა ხალხი“. მოსემ ხალხი გამოყო ღვთის მიზნებისთვის. მოგვიანებით ღმერთმა თქვა: „ღვთისმსახურნიც, რომლებიც უფალს მიეახლებიან, უნდა განიწმიდონ” (გამოსვლის 19:10-22). მღვდლებისთვის იყო ნაბრძანები, გამოეყოთ თავი ღვთის მიზნებისთვის. ისინი უნდა ყოფილიყვნენ წმიდები; მათ საკუთარი თავები უნდა გამოეყოთ ღმერთისთვის.
განუყოფელი გული მოიცავს ორ ასპექტს:
1. ღმერთი გვპირდება, რომ გამოარჩევს თავის ხალხს: „მე ვარ უფალი, თქვენი განწმედელი” (გამოსვლის 31:13). ღმერთი განწმედს თავის ხალხს.
2. ღმერთი უბრძანებს თავის ხალხს, გამოეყავით: „განიწმიდეთ და იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე” (ლევიანთა 11:44; 20:7).
ჩვენ თავს განვწმედთ ღვთის მადლის საპასუხოდ. წმიდა ხალხი ნებით განიწმიდება ღმერთისთვის. ისინი ღმერთს უპირობოდ უთმობენ თავიანთ თავს.
ლევიანთა მე-20 თავში ბრძანებას „მომიძღვენით თავები და იყავით წმიდა“ მოჰყვება დაპირება: „მე ვარ უფალი, თქვენი განწმედი.” ორივე მუხლში ერთი და იგივე ებრაული სიტყვაა. ეს შეიძლება ასე ითარგმნოს: „გამოჰყავით თავები…. მე ვარ უფალი, რომელიც გამოგარჩევთ” (ლევიანთა 20:7-8).
განწმედა მოიცავს ორივეს, როგორც ღვთის მოქმედებას, ასევე ჩვენს პასუხს. ჩვენ არ ვხდებით წმიდები ჩვენი ძალისხმევით, მაგრამ არც ვამბობთ: „თუ ღმერთს სურს, რომ წმიდა ვიყო, ის განმწმედს ჩემი პასუხის გარეშე.” ჩვენ ვპასუხობთ ღვთის მადლს იმით, რომ მივუძღვნით მას ჩვენს თავს. განუყოფელი გული მოითხოვს სრულად მიძღვნას.
[1] სიწმიდე მხოლოდ ღმერთისგან იღებს სათავეს. თუმცა ღმერთი მოგვიწოდებს დავემორჩილოთ მას. ჩვენ წმიდები ვართ, როდესაც ვემორჩილებით ღვთის მოწოდებას. პავლე წერდა: „ამიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება” (რომაელთა 12:1). პავლემ მოგვიწოდა, სრულად დავემორჩილოთ ღვთის განზრახვებს. იმიტომ, რომ ღმერთი გვპირდება, რომ ის გაგვწმედს. ჩვენ სრულად უნდა დავემორჩილოთ. სიწმიდე არის მრძანებაც („განიწმიდეთ თავი“) და დაპირებაც („მე განგწმედთ თქვენ”).
წმიდა ხალხი სრულ „დიახ“-ს ეუბნება ღმერთს
სოლომონის, ასას და ამაციას ცხოვრება გვიჩვენებს გაყოფილი გულის საშიშროებას. გაყოფილი გული არ არის ღმერთის განზრახვა თავისი ხალხისთვის. წმიდა გული არის განუყოფელი გული. მაშ, რას ნიშნავს გქონდეს განუყოფელი გული? რას ნიშნავს გქონდეს გული, რომელიც არის შალემი ანუ „სრულყოფილი”?
ქრისტიანები მოწოდებულნი არიან ღვთის მსახურებად. მსახურის საქმეა გააკეთოს ის, რასაც მისი ბატონი სთხოვს. კარგი მსახური არ სვამს კითხვას: „ეს არის ის, რაც ავირჩიე?” კარგი მსახური ნებით ასრულებს იმას, რასაც მისი ბატონი ბრძანებს. მსახურის საქმეა თქვას სრული და უპირობო „დიახ.”
ანალოგიურად, ადამიანი, რომელიც ემსახურება ღმერთს განუყოფელი გულით, ნებით პასუხობს „დიახ“ ღვთის მოწოდებას. ეს არის განუყოფელი გული. მოსემ მოუწოდა ისრაელს, რომ ემსახურათ ღმერთისთვის განუყოფელი გულით:
ახლა რას ითხოვს უფალი, შენი ღმერთი შენგან, ისრაელ? მხოლოდ იმას, რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, დადიოდე მისი გზით, გიყვარდეს უფალი ღმერთი და ემსახურო მას მთელი შენი გულით და მთელი შენი არსებით; დაიცვა უფლის მცნებანი და დადგენილებანი, რომელთაც შენდა სასიკეთოდ გამცნებ დღეს? (მეორე რჯულის 10:12-13).
[2] კოლეჯის სტუდენტობისას, ელიზაბეტ ელიოტმა თავის დღიურში დაწერა: „უფალო, მე ვთქვი მარადიული „დიახ“. დამეხმარე, არასოდეს მივიხედო უკან, რაკიღა გუთანს ხელი მოვკიდე. გაასწორე ჯვრის გზა ჩემს წინაშე. მომეცი სიყვარული, რომ ადგილი არ დარჩეს გზააბნეული ფიქრისთვის ან ნაბიჯისთვის.”[3] ელიოტს განუყოფელი გული ჰქონდა; ის სრულყოფილი იყო ღვთის თვალში.
ამ ლოცვის შემდგომ წლებში ელიზაბეტ ელიოტი მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მისი მეუღლე, ჯიმ ელიოტი, მოკლეს ეკვადორში 1956 წელს, როდესაც ის ჰუაორანის ტომის ევანგელიზაციას ცდილობდა. ელიზაბეთი მოგვიანებით გახდა მისიონერი იმ ხალხისთვის, ვინც მისი ქმარი მოკლა. მხოლოდ მას, ვინც თქვა "მარადიული დიახ" შეეძლო წასულიყო მისიონერად მისი ქმრის მკვლელებთან.
წმიდა ადამიანი ემსახურება ღმერთს განუყოფელი გულით. წმიდა ადამიანი ეუბნება ღმერთს „მარადიულ დიახს“. ეს ნიშნავს ღმერთისთვის სრულად მინდობას. როდესაც წმიდა ადამიანმა იცის ღვთის ნება, ის ნებით ემორჩილება მას. მისი გული არ არის გაყოფილი; ის მთლიანად ღმერთს ეკუთვნის. წმიდა ადამიანი ეუბნება ღმერთს "დიახ" სრულად მინდობის დროს.
წმიდა ადამიანი ყოველდღიურად აგრძელებს „დიახ“-ის თქმას. მას შემდეგ, რაც ელიზაბეტ ელიოტმა „მარადიული დიახ თქვა“, მას კვლავ უწევდა გადაწყვეტილებების წინაშე დადგომა. ბევრჯერ იყო, როცა მან კიდევ ერთხელ თქვა: „დიახ, უფალო.” ზოგიერთ ქრისტიანს მიაჩნია, რომ „ერთჯერადად ნათქვამი დიახ“ ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის თქვენი ვალდებულების ყველა მომავალ გამოცდას. ერთხელ და სამუდამოდ სრულად მინდობა მნიშვნელოვანია, მაგრამ სატანა გააგრძელებს თქვენი ვალდებულების გამოცდას. კვლავ და კვლავ, თქვენ განაგრძობთ იმის თქმას: „დიახ, უფალო, ჩემი სიცოცხლე შენ გეკუთვნის." ეს არის წმიდა ცხოვრების მუდმივი „დიახ“.
„ჩვენ შევძლებთ გამოვადგეთ ღმერთს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნებას მივცემთ, გვაჩვენოს ჩვენი ხასიათის ღრმა და დაფარული სფეროები. ჩვენ ვერც კი ვცნობთ შურს, სიზარმაცეს ან სიამაყეს საკუთარ თავში, როცა მათ ვხედავთ. მაგრამ იესო გაგვიმხელს ყველაფერს, რაც გვქონდა ჩვენში, სანამ მისი მადლი მოქმედებას დაიწყებდა“.
„მე ვთქვი მარადიული "დიახ". დამეხმარე, არასოდეს მივიხედო უკან."
- ელიზაბეტ ელიოტი
[3]Elisabeth Elliot, Passion and Purity (Old Tappan: Fleming H. Revell Co., 1984), 25
მან მიაკვლია საიდუმლოს - ჯორჯ მიულერი
ჯორჯ მიულერი იყო დიდი ქრისტიანი მეცხრამეტე საუკუნეში.[1] მან ააშენა ხუთი დიდი ბავშვთა სახლი და ზრუნავდა 10000-ზე მეტ ობოლზე. მიულერმა მილიონობით დოლარი შეაგროვა თავისი ბავშვთა სახლების დასახმარებლად და სხვა მისიონერებისთვის. მის გარდაცვალებამდე მიულერმა უზრუნველყო განათლება 122 000 ბავშვისთვის, გაავრცელა თითქმის 2 000 000 ბიბლია და 100 მილიონზე მეტი წიგნი და ბროშურა. მან ეს გააკეთა ისე, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ უთხოვია ფული. მან გადაწყვიტა მხოლოდ ღმერთისთვის ეთხოვა დახმარება.
როდესაც ღმერთმა მოუწოდა მიულერს ბავშვთა სახლების ასაშენებლად, მიულერს ჯიბეში ორმოცდაათი ცენტი ჰქონდა! მიულერმა უპასუხა ღვთის მოწოდებას მის მზრუნველობაზე სრული დამოკიდებულებით. მიულერს მხოლოდ ორმოცდაათი ცენტი ჰქონდა, მან ესეც ღმერთს მისცა და ყველაფერი დანარჩენიც ღმერთს მიანდო. მოგვიანებით მიულერმა დაამოწმა, რომ ობლებისთვის სადილი არასოდეს გამორჩენიათ; ღმერთმა უზრუნველყო ყველა საჭიროება.
მიულერი ახალგაზრდობაში ბოროტი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, თექვსმეტი წლის ასაკში ციხეშიც კი იჯდა. თუმცა, ოცი წლის ასაკში ჯორჯ მიულერმა სიცოცხლე ქრისტეს ჩააბარა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მიულერმა განიცადა სულიერი გამარჯვების პერიოდები, მაგრამ ასევე ჰქონდა გარკვეული ბრძოლის სფეროებიც. საბოლოოდ, ოცდაოთხი წლის ასაკში, მიულერი მივიდა „გულის მთლიანად და სრულად მიძღვნამდე. მე სრულად გადავეცი თავი უფალს.”
სამოცდაათი წლის ასაკში მიულერმა დაიწყო საზღვარგარეთ მოგზაურობა საქადაგებლად. სამოცდაათიდან ოთხმოცდაშვიდი წლის ასაკის შუალედში, მან იმოგზაურა ორმოცდაორ ქვეყანაში და უქადაგა 3 000 000-ზე მეტ ადამიანს.
სიცოცხლის ბოლოს ჯორჯ მიულერს ჰკითხეს მისი მსახურებრივი ცხოვრების საიდუმლო. მან უპასუხა: ”იყო დღე, როდესაც მე მოვკვდი ჩემი თავისთვის (ჩემი მოსაზრებებისა და სურვილებისთვის), ქვეყნიერების მოწონებისთვის ან უარყოფისთვის და თუნდაც ჩემი მეგობრების მოწონებისთვის ან დადანაშაულებისთვის. მას შემდეგ მხოლოდ ღვთის მოწონებაზე ვზრუნავ“. ჯორჯ მიულერს განუყოფელი გული ჰქონდა. ის სრულყოფილი იყო ღვთის თვალში.
[1]Adapted from Roger Steer, Spiritual Secrets of George Muller (PA: OMF Books, 1985) and J. Gilchrist Lawson, Deeper Experiences of Famous Christians (Anderson: Warner Press, 1911).
Image: "Mr George Muller" by Frank Holmes, George Müller, The Modern Apostle of Faith (1898), retrieved from https://commons.wikimedia.org/wiki/File:Mr_George_Muller.jpg, public domain.
მე - 5 გაკვეთილის მიმოხილვა
(1) იყო წმიდა ნიშნავს გქონდეს განუყოფელი გული.
(2) ებრაული სიტყვა შალემი ნიშნავს „განუყოფელს.” ეს სიტყვა დაკავშირებულია შალომთან, რაც ნიშნავს „მშვიდობას.” გქონდეს „სრულყოფილი“ ან „განუყოფელი“ გული, ნიშნავს გქონდეს წრფელი ერთგულებით სავსე გული.
(3) სოლომონის, ასას და ამაციას ცხოვრება გვიჩვენებს გაყოფილი გულის საშიშროებას. მათგან ვერც ერთმა სრულად ვერ აამა ღმერთს, რადგან მათ გაყოფილი გულები ჰქონდათ.
(4) სიწმიდე იწყება გულიდან. იესომ მსჯავრი დასდო მათ, ვინც ზრუნავს გარეგნულ გამოხატულებაზე და არა სუფთა გულზე.
(5) ჩვენ სრულად უნდა მივუძღვნათ თავი ღმერთს. ღმერთი განწმენდს თავის ხალხს. ღმერთი მოუწოდებს თავის ხალხს განიწმიდონ თავი მისი მადლის საპასუხოდ.
(6) წმიდა ხალხი სრულ „დიახ“-ს ეუბნება ღმერთს. როგორც ერთგული მსახური, ისინი ნებით ეუბნებიან დიახს თავის ბატონს.
(7) მას შემდეგ რაც ჩვენ ვთქვით "მარადიული დიახ", ჩვენ უნდა გავაგრძელოთ "დიახ"- ის თქმა ყოველდღიურად.
გაკვეთილის დავალებები
(1) მოამზადეთ ქადაგება თემაზე „ცხოვრება განუყოფელი გულით.” თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი მონახაზი, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი:
1. გაყოფილი გულის ბიბლიური მაგალითი
2. გაყოფილი გულით ცხოვრების საშიშროება
3. გაყოფილი გულის წამალი
(2) დაიწყეთ შემდეგი გაკვეთილი ფსალმუნის 85:11—12-ის წაკითხვით.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.