[1]წარმოიდგინეთ, რომ 75 წლის ხართ, ცხოვრობთ კერპთაყვანისმცემლურ ქვეყანაში და მოულოდნელად გესმით ღმერთის ხმა თქვენდამი! როგორ უპასუხებდით?
უთხრა უფალმა აბრაამს: "წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ” (დაბადების 12:1). „მიატოვე ყველაფერი და გამომყევი!” ღმერთმა არ უთხრა აბრაამს, სად მიიყვანდა მას. მან უბრალოდ თქვა: „გამომყევი.” აბრაამმა ირწმუნა ღმერთი და გაჰყვა ღმერთს ურიდან ხარანამდე და ხარანიდან ქანაანამდე. აბრაამმა 1600 კილომეტრზე მეტი გაიარა, ღვთის ბრძანების მორჩილების გამო.
აბრაამი ენდობოდა დაპირებებს, რომლებიც შეუძლებელი ჩანდა. მას სჯეროდა, რომ ღმერთი აჩუქებდა მას ვაჟს, მიუხედავად იმისა, რომ სარა მშობიარობის ასაკს გადასული იყო. მას სჯეროდა, რომ ღმერთი მისცემდა მას აღთქმულ მიწას, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ფლობდა მიწას ქანაანში. მას სჯეროდა, რომ ღმერთი მას დიდ ერად აქცევდა, მიუხედავად იმისა, რომ შვილები არ ჰყავდა.
აბრაამს, კაცს წარმართული საზოგადოებიდან, „ღვთის მეგობარი ეწოდა“. ის ღმერთთან ერთად დადიოდა.
► სთხოვეთ თქვენი კლასის სამ წევრს, დაამოწმონ ღმერთთან მათი სიარულის შესახებ. როგორ დაიწყო ეს სიარული? რა გაკვეთილები ისწავლეთ სიარულის დროს?
მე გადმოგცემ ჩემს თავს, ჩემს სიცოცხლეს, ჩემს ყველაფერს,
შენ სრულად, რომ სამუდამოდ შენი იყოს.
შემავსე და დამბეჭდე შენი სულიწმიდით,
გამომიყენე როგორც გინდა,
მიმავლინე სადაც გინდა,
გამოავლინე მთელი შენი ნება ჩემს ცხოვრებაში
ნებისმიერ ფასად ახლა და სამუდამოდ.”
- ბეტი სტემი
(მოწამე ჩინეთში)
სიწმიდე ხუთწიგნეულში: სიარული ღმერთთან ერთად
წმიდა ხალხი ღმერთთან ერთად დადის; ისინი ღმერთთან ერთად ატარებენ დროს. როდესაც ისინი ღმერთთან ერთად დადიან, ისინი უფრო ემსგავსებიან მას. იყო წმიდა ნიშნავს ღმერთთან ერთად სიარულს, ღმერთთან ღრმა ურთიერთობის დამყარებას.
ღმერთი დადიოდა ადამთან და ევასთან ერთად ედემის ბაღში. მას შემდეგ, რაც ცოდვამ დაარღვია ეს იდეალური ურთიერთობა, ადამი და ევა დაემალნენ ღმერთს. ცოდვამ განაშორა ადამიანი ღმერთს.
ცოდვა არღვევს ღმერთთან ურთიერთობას; ცოდვა არღვევს ადამიანებს შორის ურთიერთობას; ადამმა ევა დაადანაშაულა. ადამმა და ევამ ცოდვა გაიზიარეს, მაგრამ ცოდვამ დააზიანა მათი ურთიერთობა ერთმანეთთან. ღმერთის მიზანია, რომ მისი შვილები მშვიდობიანად დადიოდნენ მასთან და ერთმანეთთან. სატანის მიზანია გაანადგუროს ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან და ერთმანეთთან.
ცოდვამ დააზიანა ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობა, მაგრამ ღმერთმა ამ ურთიერთობის აღდგენის გზა მოგვცა. მსხვერპლშეწირვა საშუალებას იძლეოდა წმიდა ღმერთთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ჩვენ არ შეგვიძლია გავხდეთ წმიდები ადამიანური ძალისხმევით; ჩვენ ვხდებით წმიდები წმიდა ღმერთთან ურთიერთობით.
ძველი აღთქმის განმავლობაში ვხვდებით წმიდა ადამიანთა მაგალითებს, რომლებიც ღმერთთან ერთად დადიოდნენ. ისინი ღმერთთან ერთად ლამაზ ბაღში აღარ დადიოდნენ. ცოდვის გამო ადამიანები ღმერთთან ერთად დადიოდნენ ცოდვის ბნელ სამყაროში. მაგრამ ცოდვილ სამყაროშიც კი შესაძლებელია ღმერთთან ერთად სიარული. ეს არის სიწმიდე.
ღმერთთან ერთად სიარული მოითხოვს თვითდისციპლინას
ღმერთთან ახლო სიარული მოითხოვს თვითდისციპლინას, რათა უარი ვთქვათ ცოდვილ სურვილებზე. წარღვნამდე ბნელ საუკუნეებში ენოქი „ღმერთთან ერთად დადიოდა” (დაბადების 5:24). ენოქმა საკუთარ თავს ასწავლა ცდუნებაზე უარის თქმა.
ენოქი ისეთივე ცდუნებით იყო გარშემორტყმული, როგორც მისი მეზობლები, მაგრამ ენოქის ურთიერთობა ღმერთთან მართავდა მის პასუხს ცდუნებაზე. სხვებმა თქვეს: „ეს სიამოვნება კარგი ჩანს; მე ამით ვისიამოვნებ.” ენოქმა თქვა: „ეს სიამოვნება კარგია ჩემი ხორცისთვის, მაგრამ ბოროტია ჩემი ღმერთისთვის. მე არ დავაზიანებ ჩემს ურთიერთობას ღმერთთან ფიზიკური სურვილების გამო.”
ჩვენ არ „დავიმსახურებთ“ სიწმიდეს თვითდისციპლინის გზით. მხოლოდ ღვთის მადლი გვხდის წმიდად. მადლით ვართ დახსნილნი; ჩვენ წმიდანი ვართ მადლით. თუმცა, მადლი არ ნიშნავს, რომ თვითდისციპლინა ზედმეტია.
დალას უილარდი წერდა: „მადლი არ ეწინააღმდეგება ძალისხმევას; მადლი ეწინააღმდეგება გამომუშავებას (მოგებას).”[1] სიარული ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ძალისხმევაც კი ღვთის მადლის შედეგია. ჩვენი ძალისხმევა არ გამოიმუშავებს ღვთის მადლს; ჩვენი ძალისხმევა არის სასიხარულო პასუხი მის მადლზე. როგორც ღვთის შვილები, ჩვენი ძალისხმევით არ მოვიპოვებთ ღვთის კეთილგანწყობას, მაგრამ ვაცნობიერებთ თვითდისციპლინის საჭიროებას.
ღმერთთან ერთად სიარული მოითხოვს მორჩილებას
ღმერთმა გაგზავნა აბრაამი იმ ადგილებში, რომელიც არასოდეს უნახავს. „წავიდა აბრამი, როგორც უფალმა უთხრა …” (დაბადების 12:4). აბრაამი ღმერთთან ერთად დადიოდა მორჩილებით. წმიდა გული მორჩილი გულია:
რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა (ებრაელთა 11:8).
[2]ღმერთს არ მიუცია აბრაამისთვის ქანაანის რუკა. მას არ გაუმხელია აბრაამისთვის მოგზაურობის დეტალები. მან უბრალოდ მოუწოდა აბრაამს გაჰყოლოდა - და აბრაამი დაემორჩილა. ღმერთთან ერთად სიარული მორჩილებას მოითხოვს. სიწმიდეში ცხოვრება მორჩილებას მოითხოვს.
ღმერთთან ერთად სიარული გულისხმობს მზარდ რწმენას
როდესაც აბრაამმა დატოვა თავისი სახლი, ღვთის დაპირებების არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. აბრაამი ღმერთთან ერთად დადიოდა რწმენით. როდესაც ღმერთთან ერთად დავდივართ, ვსწავლობთ მის სრულ ნდობას, ჩვენი რწმენა ღრმავდება, როცა მასთან ერთად ვატარებთ დროს. ეს მნიშვნელოვანი იყო აბრაამისთვის, რადგან ის კიდევ უფრო დიდი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, ვიდრე სამშობლოს დატოვება.
ქანაანში ღმერთმა მოუწოდა აბრაამს, შეეწირა თავისი ძე, ისააკი. ღმერთი დაჰპირდა აბრაამს, რომ ის იქნებოდა მრავალი ერის მამა. მრავალი წლის შემდეგ აბრაამს და სარას შეეძინათ ძე. ახლა ღმერთმა მოსთხოვა აბრაამს, მსხვერპლად შეეწირა ის. ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი ამბობს: „რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა” (ებრაელთა 11:17).
რადგან აბრაამი ღმერთთან ერთად დადიოდა, ენდობოდა მას. აბრაამი ღმერთთან ერთად დადიოდა, ამიტომ მას შეეძლო ღმერთს მინდობოდა მაშინაც კი, როდესაც ბოლომდე არ ესმოდა ღვთის ბრძანებები. აბრაამი ღმერთთან ერთად დადიოდა მზარდი რწმენის ურთიერთობაში.
ღმერთთან ერთად სიარული მოითხოვს, მისდამი ნდობას. როცა ღმერთთან ერთად დავდივართ, რთულ ადგილებშიც კი ვენდობით მას. ღმერთს ვაძლევთ ნებას, გააკეთოს ის, რაც მას საუკეთესოდ მიაჩნია ჩვენი ცხოვრებისთვის.
ეს პრინციპი გვხვდება მთელ წმიდა წერილში. წარმოუდგენელი განსაცდელების დროს იობმა აღმოაჩინა, რომ ღმერთს ენდობოდა. გადასახლებაში იერემიამ აიღო ღვთის დაპირება, რომ ბოროტიდან სიკეთეს მოუტანდა (იერემიას 29:10-14). მტკივნეული „ეკლით სხეულში“ გატანჯულმა პავლემ აღმოაჩინა, რომ „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა” (2 კორინთელთა 12:9).
აბრაამისა და ღვთის ხალხის შესახებ ამბები, მთელი ისტორიის მანძილზე, გვასწავლის, რომ ღმერთთან ერთად სიარული გულისხმობს მისი მცნებების სრულ მორჩილებას და მისი დაპირებების სრულ ნდობას. როცა მასთან ერთად დავდივართ, მისდამი ნდობა უფრო ღრმავდება.
ღმერთთან ერთად სიარული ექსკლუზიური ურთიერთობაა
სიარულის გამოხატულება გავრცელებულია წმიდა წერილში. სამწუხაროდ, ისრაელი ღმერთთან ერთად სიარულის ნაცვლად ხშირად ცოდვაში დადიოდა. ისრაელის მრავალი მეფე „დადიოდა ცოდვაში.” მათ ააგეს ურთიერთობა ცოდვასთან. „აბიამი დადიოდა ყველა იმ ცოდვაში, რომელიც მასზე უწინ მამამისს ჰქონდა ჩადენილი” (1 მეფეთა 15:3). სხვა მეფეები „თავიანთი მამების გზით დადიოდნენ“ და არა ღმერთთან ერთად. მათაც ცოდვასთან ააგეს ურთიერთობა; ღმერთთან ერთად კი არ დადიოდნენ.
[3]ღმერთთან ერთად სიარული ექსკლუზიური ურთიერთობაა. ღმერთი მოშურნე ღმერთია (გამოსვლის 34:14; მეორე რჯულის 4:24; იესო ნავეს 24:19). არ შეიძლება ერთდროულად დადიოდე ღმერთთან ერთადაც და ცოდვაშიც. მეფსალმუნემ ჰკითხა: „უფალო, ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვის შეუძლია შენს წმიდა მთაზე დამკვიდრება?” რა მოთხოვნებია ღვთის თანდასწრებით ცხოვრებისთვის?
ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მქმნელია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში. ვინც თავისი ენით არავის გაჭორავს, ცუდს არ უკეთებს მოყვასს და აუგს არ ამბობს ახლობლებზე (ფსალმუნის 14:1-3).
მალაქიამ თქვა: „დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით, თან კითხულობთ: რითი დავღალეთო? მალაქიმ უპასუხა: იმით, რომ ამბობთ: ყოველი ავისმქმნელი კარგია უფლის თვალში და ასეთნი ეამებიანო; ან: სად არისო მართლმსაჯულების ღმერთი’” (მალაქიას 2:17). ისრაელს სურდა ყოფილიყო ღმერთის მეგობარი, თუმცა აგრძელებდა განზრახ ცოდვას. ამის გამო, მალაქიამ გააფრთხილა, რომ განკითხვის დღე მოდიოდა ღუმელივით აგიზგიზებული. იმ დღეს იქნება ყველა ქედმაღალი და ბოროტმოქმედი ჩალასავით (მალაქიას 4:1). წმიდა ღმერთს არ შეუძლია ცოდვის უგულებელყოფა.
ღმერთმა დაადანაშაულა ისრაელი, სხვა ერების მსგავსად ცოდვების ჩადენის გამო, ნაცვლად იმისა, რომ ღვთის რჯულის მორჩილებაში ეცხოვრათ. „რადგან ჩემი წესებით არ დადიოდით და ჩემი დადგენილებებით არ იქცეოდით, არამედ იმ ხალხების წესებით იქცეოდით, თქვენ გარშემო რომ არიან” (ეზეკიელის 11:12). ისრაელს არ შეეძლო ღმერთთან ერთად სიარული, სანამ ისინი ცოდვაში დადიოდნენ. ისრაელს არ შეეძლო ევლო ღვთის გზაზე და ცოდვის გზაზე ერთდროულად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ღვთის რჩეული ხალხი იყვნენ, ღმერთმა დასაჯა ისინი ცოდვის გამო. მათ არ შეეძლოთ ღმერთთან ერთად სიარული, სანამ ცოდვაში დადიოდნენ.
[1]Dallas Willard, Hearing God (Westmont: InterVarsity Press, 2012), 254
„სულიერ საკითხებში გაგების წესი არის არა ინტელექტი, არამედ მორჩილება“.
- ოსვალდ ჩემბერსი
[3]„თუ ქვეყნიერბასთან ერთად ვივლი,
ღმერთთან ერთად სიარულს ვეღარ შევძლებ."
- დუაიტ ლ. მუდი
სიწმიდე პრაქტიკაში: ღმერთთან ერთად სიარული მუდმივი ურთიერთობაა
როდესაც ღმერთთან ერთად დავდივართ, ვიზრდებით მასთან ურთიერთობაში. მეორე რჯულის მე-6 თავში მოსემ წარმოადგინა რას ნიშნავს ღმერთთან ერთად სიარული. მან თქვა, რომ ისრაელიანებმა უნდა ასწავლონ ღვთის რჯული თავიანთ შვილებს. როდის? ნებისმიერ დროს:
შთაუნერგე ისინი შენს ძეებს და ელაპარაკე მათ შესახებ სახლში ჯდომისას და გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას (მეორე რჯულის 6:7).
ადამიანი, რომელიც ღმერთთან ერთად დადის, თანმიმდევრულ ურთიერთობას ინარჩუნებს მასთან. არ არსებობს განსხვავება „ნორმალურ ცხოვრებასა“ და „ეკლესიურ ცხოვრებას“ შორის.” წმიდა ადამიანები არ არიან „კვირადღის ქრისტიანები“, რომლებიც ღმერთს მხოლოდ ეკლესიაში ემსახურებიან. წმიდა ადამიანებს სურთ ღმერთთან თანმიმდევრული, მზარდი ურთიერთობა.
როდესაც ისრაელმა ვერ შეძლო ღმერთთან ყოველდღიური, მზარდი ურთიერთობის დამყარება, მათ მალევე სხვა ღმერთებისკენ გაიწიეს. როდესაც სოლომონი უყურადღებო გახდა ღმერთთან ურთიერთობაში, ის მალევე ცოლების ცრუ ღმერთებისკენ გადაიხარა.
ადრეული ეკლესიაც კი ამ საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეფესოში ეკლესია პავლემ დააარსა დრამატული აღორძინების პერიოდში. მოციქული იოანე გარკვეული პერიოდი მათ მოძღვრად მსახურობდა. მარიამი, იესოს დედა, ცხოვრობდა ეფესოში. მათ პირველწყაროდან ჰქონდათ შესანიშნავი ცოდნა სახარების რეალობის შესახებ. მაგრამ ერთი თაობის განმავლობაში იოანემ ეს გაფრთხილება წარმოთქვა:
მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული. ამიტომ გაიხსენე, სად დაეცი, მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები.. (გამოცხადების 2:4-5).
რა მოხდა? იმის გამო, რომ მათ ვერ შეინარჩუნეს ადრეული სიყვარულის ცეცხლი და რადგან ვერ განაგრძეს ღმერთთან ურთიერთობაში ზრდა, მათი სიყვარული განელდა.
ჩვენ ამას ვხედავთ ადამიანურ ურთიერთობებში. თქვენ წარმოიდგინეთ მამაკაცი, რომელმაც ლამაზი ცოლი მოიყვანა, კედელზე ქორწინების მოწმობა დაკიდა, მაგრამ ცოლს დროს არასოდეს უთმობს? არის მათი ქორწინება ჯანსაღი? არა! ჯანსაღი ქორწინების ასაშენებლად ქორწინების მოწმობაზე მეტია საჭირო. ჯანსაღი ქორწინება წლების განმავლობაში იზრდება, რადგან ორი ადამიანი აგრძელებს ერთმანეთის მიმართ სიყვარულში ზრდას.
ანალოგიურად, ჩვენ მოწოდებულნი ვართ განვაგრძოთ ღმერთის მიმართ სიყვარულში ზრდა. ღმერთთან ერთად სიარული ნიშნავს განაგრძო მასთან დროის გატარება. ღმერთთან ერთად სიარული ნიშნავს განაგრძო ზრდა მასთან ურთიერთობაში. აი რას ნიშნავს იყო წმიდა.
სიარული უწყვეტი მოქმედებაა. ის გულისხმობს განგრძობად, მუდმივ ურთიერთობას. წმიდა ადამიანი აგრძელებს ღმერთთან ურთიერთობაში ზრდას. ღმერთისადმი ჩაბარების მომენტი არ არის პროცესის დასასრული. წმიდა ცხოვრება გულისხმობს ღმერთთან მუდმივ სიარულს. ღმერთთან ერთად ჩვენი სიარული იწყება ხელახლა შობიდან და გრძელდება მანამ, სანამ ღმერთს პირისპირ არ ვიხილავთ. სიწმიდეში ცხოვრება მუდმივი ურთიერთობაა.
იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს, რომ სულიერი ცხოვრება მთლიანად დამოკიდებულია მასთან ურთიერთობის შენარჩუნებაზე.
დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც - თუ არ დარჩებით ჩემში. მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ (იოანეს 15:4-5).
ზოგიერთი ქრისტიანი ფიქრობს ღმერთთან მის ურთიერთობაზე, როგორც „ცოდვილის ლოცვაზე“, რასაც ოდნავ შეცვლილი ცხოვრება მოჰყვება. ღმერთთან ურთიერთობის ბიბლიური სურათი ბევრად განსხვავებულია. ქრისტიანული ცხოვრება ვაზს უკავშირდება (იოანეს 15:1-17). ჩვენი სულიერი ცხოვრება ნარჩუნდება ვაზთან ყოველდღიური ურთიერთობით. ვაზს მოწყვეტილი ლერწი მალე კვდება; ვაზისგან მოწყვეტილი ქრისტიანი მალე კვდება.
ღმერთთან ერთად სიარული მოითხოვს, რომ დრო გავატაროთ მასთან. თქვენ ვერ შეძლებთ ვინმესთან ერთად სიარულს, მასთან დროის გატარების გარეშე! წმიდა ხალხი ღმერთთან ერთად ატარებს დროს. ზოგჯერ ისინი მსხვერპლად იღებენ ბიზნეს შესაძლებლობებს და გართობას, ღმერთთან დროის გატარების გამო. მათ ესმით, რომ არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მათი ურთიერთობა ღმერთთან. იესოს ფეხებთან მჯდომი მარიამის მსგავსად, წმიდა ადამიანებმა იციან, რომ „ერთადერთი რამ, რაც საჭიროა“ ღმერთთან გატარებული დროა (ლუკას 10:41).
წმიდა ხალხი ღმერთთან დროის გატარებას პრიორიტეტად აქცევს. მათ იციან, რომ ლოცვა და წმიდა წერილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა საქმიანობა - თუნდაც მსახურება. მათ ახსოვთ, რომ იესო ხშირად „ადრე დგებოდა“ მამის წინაშე სალოცად, ამიტომ ცდილობენ ჩვევად ჩამოიყალიბონ ლოცვაში დროის გატარება.
წმიდა ადამიანებს ესმით, რომ ღმერთთან ერთად სიარული ნიშნავს, მისი მითითებების გაყოლას. ისინი მგრძნობიარენი არიან მისი ხელმძღვანელობის მიმართ და არ კითხულობენ მარტივად: „ამის კეთება ცოდვაა?” ისინი კითხულობენ: "მიმაახლოებს ეს ღმერთთან?" მათ სურთ ღმერთს აამონ ყველა გადაწყვეტილებაში. რადგან წმიდა ადამიანებს აქვთ წმიდა გული, ისინი სიფრთხილით აკავებენ თავის ხელებს ცოდვისგან. მათ ესმით, რომ ღმერთთან ურთიერთობა მოითხოვს ჩვენგან გამოფოფას ყველაფრისგან, რაც მას არ მოსწონს.
► როგორია პრაქტიკული გზები ვაზთან უფრო ღრმა ურთიერთობის გასავითარებლად?
► რა სამი გამოწვევა არსებობს, რომლებიც ხელს უშლის ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას?
მან მიაკვლია საიდუმლოს - ფრენსის რიდლი ჰევერგალი
ფრენსის ჰევერგალის მამა ინგლისის ეკლესიის მსახური იყო. 14 წლის ასაკში ფრენსისმა დაამოწმა თავისი რწმენა ქრისტესადმი.[1] სიცოცხლის ბოლომდე ჰევერგალს (1836-1879) სურდა ღმერთთან ახლოს სიარული. მან დაწერა: „ოჰ, მას რომ შეეძლოს მაქციოს ჭურჭლად, რომ ვიყო განწმენდილი და (მზად) მოძღვრის მიერ გამოსაყენებლად! არის დრო, როცა მისდამი ისეთ სიყვარულს ვგრძნობ, რომ სიტყვები არ მყოფნის ამის აღსაწერად... მაგრამ მაინც მინდა მივუახლოვდე. მოძღვრების ცოდნა კი არა, არამედ მასთან ყოფნა იძლევა ამას.” რამდენადაც ღმერთთან ერთად დადიოდა, იმდენად ის უფრო მიუახლოვდა მას.
1873 წელს ჰევერგალმა დაამოწმა, რომ ის „განიწმიდა ყოველგვარი ცოდვისგან და იქცა წმიდანად ღვთის სულის მუდმივი განწმენდის ძალით.” მის ღმერთთან ერთად სიარულს არაფერი უშლიდა ხელს. მისი ლოცვა ღვთისადმი მორჩილების შესახებ ცნობილ საგალობლად იქცა: „აიღე ჩემი სიცოცხლე და იყოს შენდამი მოძღვნილი, უფალო.”
ჰევერგალმა ყველაფერი ღმერთს გადასცა. აი ეს ნიშნავს ღმერთთან ერთად სიარულს. ეს მასთან იმდენად ახლოს ყოფნაა, რომ ყველაფერი მას ეკუთვნის. ღმერთთან ერთად მთელი სიცოცხლის მანძილზე სიარულის შემდეგ, ჰევერგალის ბოლო სიტყვები იყო: „სილამაზეა! მშვენიერია სამოთხის კარიბჭესთან ასე ახლოს ყოფნა! კურთხეული განსვენება!” მისმა ძმამ დაწერა, რომ მისი სახე „ისეთი გაბრწყინებული იყო, თითქოს უკვე ელაპარაკებოდა მას.”
ქალბატონი ჰევერგალი ღმერთთან ერთად დადიოდა; ის წმიდა პიროვნება იყო. ღმერთთან ერთად სიარული არ არის მხოლოდ ბიბლიურ დროში მცხოვრები ადამიანებისთვის. დღეს შეგიძლია ღმერთთან ერთად სიარული; შეგიძლია იყო წმიდა.
[1]Image: "Frances Ridley Havergal", Christmas Sunshine with Love and Light for the New Year (1886), retrieved from https://commons.wikimedia.org/wiki/File:Frances_Ridley_Havergal.jpg, public domain.
(Frances Havergal) ფრენსის ჰავერგალის ისტორია ადაპტირებულია, Wesley L. Duewel, Heroes of the Holy Life (Grand Rapids: Zondervan, 2002), 80-89.
მე- 2 გაკვეთილის მიმოხილვა
(1) იყო წმიდა ნიშნავს ღმერთთან ურთიერთობის შენარჩუნებას. სიწმიდე ღმერთთან ერთად სიარულია.
(2) ღმერთთან ერთად სიარული მოითხოვს თვითდისციპლინას, რომ თქვა „არა“ არასწორ სურვილებზე.
(3) თვითდისციპლინა არ უარყოფს მადლის ძალას. მადლით ვართ დახსნილნი; ჩვენ წმიდანი ვართ მადლით.
(4) ღმერთთან ერთად სიარული მოითხოვს ღვთის მცნებებისადმი სრულ მორჩილებას. ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთთან ერთად სიარული და ამავდროულად ცოდვაში სიარული.
(5) ღმერთთან ერთად სიარული მოითხოვს ღვთის დაპირებების სრულ ნდობას.
(6) ღმერთთან ერთად სიარული ნიშნავს მასთან თანმიმდევრული, ყოველდღიური ურთიერთობის დამყარებას.
(7) წმიდა ცხოვრება მოითხოვს ყოველდღიურ ურთიერთობას ვაზთან. ჩვენი სულიერი ცხოვრება მთლიანად ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზეა დამოკიდებული.
გაკვეთილის დავალებები
(1) წარმოიდგინეთ, რომ ახალმოქცეულმა ქრისტიანმა გითხრათ: „მინდა ღმერთთან უფრო ღრმა ურთიერთობა მქონდეს. მე მიყვარს ღმერთი, მაგრამ მიჭირს გავიგო, როგორ გავიზარდო მასთან ურთიერთობაში. მე ვერ ვხედავ ღმერთს, ამიტომ ის მიუწვდომელი ჩანს. როგორ მოვიქცე?” დაწერეთ ერთგვერდიანი წერილი, რომელშიც დაეხმარებით ამ მორწმუნეს იმის გაგებაში, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ღმერთთან ურთიერთობაში. მომდევნო გაკვეთილზე თითოეულმა სტუდენტმა უნდა წაიკითხოს თავისი პასუხი და ჰქონდეს დრო, რათა განხილულ იქნას პასუხები.
(2) შემდეგი გაკვეთილი დაიწყეთ 1 იოანეს 1:6-7-ის წაკითხვით.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.