წარმოიდგინეთ საუბარი ტარსუსელ სავლესთან ახ. წ. 34 წელს. თქვენ ჰკითხეთ: „წმიდა ადამიანი ხარ?” სავლე გიპასუხებდათ: „დიახ, წმიდა ვარ! რჯულის მიხედვით გამიკეთეს წინადაცვეთა. მე ფარისეველი ვარ. რჯულის ყველა დეტალს ვიცავ. მე უმწიკვლო ვარ." სავლე თავს წმიდად მიიჩნევდა, რჯულის ზედმიწევნით დაცვის გამო. ის ცდილობდა ღვთის კეთილგანწყობა მოეპოვებინა კარგი საქმეებით (ფილიპელთა 3:4-6).
მაგრამ დამასკოს გზაზე სავლე მკვდრეთით აღმდგარ უფალს შეხვდა. მან შეიტყო, რომ მისი სიმართლე დასვრილ სამოსელს ჰგავს. ის დაუპირისპირდა არა ცრუ მასწავლებელს, არამედ ჭეშმარიტ მესიას. ის არ დაემორჩილა ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის სრულყოფილ რჯულს. დამასკოს გზაზე სავლემ სიწმიდის ახალი გზა იპოვა: „…არა ჩემი სიმართლით, რომელიც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც ქრისტეს რწმენის მეშვეობით არის, რწმენაზე დამყარებული ღვთიური სიმართლით” (ფილიპელთა 3:9).
წარმოიდგინეთ საუბარი პავლესთან ახ. წ. 60 წელს. „პავლე, ახლა თქვენ იცით, რომ ერთადერთი გზა ჭეშმარიტი სიმართლისაკენ არის ქრისტეს რწმენა. ნიშნავს ეს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ წმიდა? ნიშნავს ეს, რომ ქრისტე ჩაგთვლით წმიდად, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვით ხართ სავსე?”
პავლე შოკირებული იქნებოდა. „ეს არასწორია! სიმართლე მოდის მხოლოდ ქრისტეს რწმენით, მაგრამ ღმერთი არ გვტოვებს იმ ცოდვილ მდგომარეობაში, რომელშიც გვპოვა. წაიკითხეთ ჩემი დამოწმება. ჩემი მიზანია „შევიცნო იგი, მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში მოზიარეობა, მის სიკვდილს რომ მივემსგავსო.’ ჩემი მიზანია ქრისტეს დავემსგავსო. რწმენის მეშვეობით ხსნა არ გვაძლევს ცოდვილი ცხოვრების უფლებას; რწმენის მეშვეობით ხსნა გვაძლევს ძალას ვიყოთ ქრისტეს მსგავსნი. მოსიყვარულე ღმერთი აძლევს ძალას თავის შვილებს, იცხოვრონ წმიდა ცხოვრებით, მათში დაბინავებული სულიწმიდის მეშვეობით!” (ფილიპელთა 3:10).
► გადახედეთ იმას, რაც ისწავლეთ სიწმიდის შესახებ. გაქვთ სიწმიდის მშვენიერების სურათი? გწამთ, რომ ეს წმიდა ცხოვრება აღთქმულია ღვთის ხალხისადმი?
შესაძლებელია წმიდად ცხოვრება?
ამ კურსში ჩვენ დავინახეთ, რომ ღმერთი უბრძანებს თავის ხალხს იყვნენ წმიდები. მაგრამ ბევრი ადამიანი კითხულობს ღვთის ამ მცნებას და პასუხობს: „ეს შეუძლებელია. მე არ შემიძლია ვიყო წმიდა.” უნდა შეეგუონ ქრისტიანები ყოველდღიურ მარცხს და შეუსრულებელ იმედებს? არ უნდა ვისიამოვნოთ ღვთის უზრუნველყოფით წმიდა ცხოვრებისთვის? შეგვიძლია ვისიამოვნოთ ღვთის დიდი განზრახვით მისი ხალხის მიმართ?
ღვთის სიტყვა მოწმობს, რომ წმიდად ცხოვრება შესაძლებელია
დაწყებული ენოქიდან, თესალონიკში მოქცეულ წარმართებამდე, ბიბლია გვასწავლის, რომ წმიდად ცხოვრება შესაძლებელია.
ლევიანებში და ასევე 1 პეტრეს წერილში ღმერთმა ბრძანა: „იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე” (ლევიანების 19:2; 1 პეტრეს 1:15-16). ღმერთი არსად იძლევა ბრძანებას მორჩილების უზრუნველყოფის გარეშე. ღმერთი მოსიყვარულე მამაა, რომელიც არ აწუხებს თავის შვილებს შეუძლებელი ბრძანებებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ძალით არ შეგვიძლია დავემორჩილოთ მის მცნებებს, ღვთის მადლი გვაძლევს ძალას ღვთის მცნებებისადმი დასამორჩილებლად.
პროფესორი ბილ ური ამბობს: „მცნება არის სურათი იმისა, თუ ვინ არის ღმერთი და დაპირება იმისა, თუ ვინ შეგვიძლია გავხდეთ.”[1] მცნება „იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე“ გვიჩვენებს ვინ არის ღმერთი; ის არის წმიდა ღმერთი. ეს მცნება ასევე აჩვენებს, თუ ვინ შეიძლება გავხდეთ; ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ წმიდები.
ქრისტიანებმა მთელი ისტორიის მანძილზე აჩვენეს, რომ წმიდად ცხოვრება შესაძლებელია
ყველა თაობის ქრისტიანებმა აღმოაჩინეს, რომ წმიდად ცხოვრება ღვთის შვილების პრივილეგიაა. ადამიანებმა ცხოვრების ყველა სფეროდან იპოვეს სულიწმიდის ძალაში მოსვენების სიხარული. მათ იპოვეს სიმშვიდე, რომელიც მოდის ღმერთის განუყოფელი გულით სიყვარულიდან და მოყვასის საკუთარი თავის მსგავსად სიყვარულიდან.
ჩვენი ღვთისგან ბოძებული სიწმიდის მიმართ წყურვილი მოწმობს, რომ წმიდად ცხოვრება შესაძლებელია
ყველა მორწმუნეს სწყურია ღმერთთან ერთად მეტ სიღრმეებში სიარული. ჭეშმარიტ ქრისტიანებს სურთ ჩვენს მამასთან ერთად ახლოს სიარული. ჭეშმარიტ ქრისტიანებს სურთ იყვნენ ქრისტეს მსგავსნი. ღმერთმა თავის შვილებს გულში ჩაუნერგა მასთან ურთიერთობის გაღრმავების წყურვილი და შიმშილი. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ მოსიყვარულე ზეციერი მამა არ მოგვცემს ამ შიმშილს, ჩვენი შიმშილის დაკმაყოფილების გზების გარეშე. სიწმიდე არის ყოველი მორწმუნისთვის სიხარულის მომტანი პრივილეგია.
მრავალი წლის წინ იყო ერთი ღარიბი კაცი, რომელიც ოცნებობდა გემით ოკეანის გადაცურვაზე. მან წლების განმავლობაში აგროვა ფული, სანამ ბილეთის ყიდვა არ შეძლო. ბილეთის ყიდვის შემდეგ მას ცოტა ფული დარჩა. მას მოსმენილი ქონდა ოკეანის ლაინერებზე მორთმეული გემრიელი კერძების შესახებ, მაგრამ იცოდა, რომ ეს კერძები ძვირი ეღირებოდა. ფულის დაზოგვის მიზნით ამ კაცმა ჩემოდნით პური და ყველი წაიღო.
ყოველ დღე, როცა მგზავრები სასადილო ოთახში მიდიოდნენ, ეს კაცი თავის ოთახში მიდიოდა და პურსა და ყველს ჭამდა. ის ბედნიერი იყო გემზე ყოფნით, მაგრამ ხშირად სურდა, რომ სასადილო ოთახში უგემრიელესი კერძების მირთმევა შეძლებოდა. მოგზაურობის ბოლო დღეს ამ კაცმა გადაწყვიტა ერთი ვახშამი სასადილო ოთახში ეჭამა. მან მიიტანა თითოეული პენი, რაც ქონდა, იმ იმედით, რომ საკმარისი იქნებოდა ერთი კერძის საყიდლად. მისდა გასაოცრად ოფიციანტმა ჰკითხა: „სად იყავით? თქვენი მაგიდა მთელი კვირის განმავლობაში მზად გვქონდა! კვების ფასი შედის თქვენი ბილეთის ფასში. ფასი უკვე გადახდილია.”[1]
ბევრი ქრისტიანი ჰგავს ამ ღარიბ კაცს. წმიდა ცხოვრების სიხარული, ღვთისადმი სრული მინდობით ცხოვრების მშვიდობა და სულიწმიდის ძალით ცხოვრების გამარჯვება - ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია ქრისტეს ჯვარზე სიკვდილით. ქრისტემ გადაიხადა სრული ფასი, მაგრამ ჩვენ ჩვენს პრივილეგიებს არ ვიყენებთ.
თუ წმიდა გული ხელმისაწვდომია ყველა მორწმუნესთვის, რატომ არ უნდა ისარგებლოს რომელიმე ქრისტიანმა ამ პრივილეგიით? ჩვენ ხშირად ვაძლევთ სატანას უფლებას, მოგვატყუოს ბიბლიის სწავლების არასწორად გაგებით. სატანის ტყუილი გვიშლის ხელს იმ პრივილეგიით სარგებლობაში, რომელიც ღმერთს თავისი შვილებისთვის აქვს განზრახული.
„წმიდა გულის ქონა შეუძლებელია“
ბევრი ქრისტიანი ფიქრობს, რომ წმიდა გულის ქონა შეუძლებელია. ისინი კითხულობენ წმიდა წერილის მცნებებსა და აღთქმებს, მაგრამ ფიქრობენ: „აბრაამისთვის ეს ნორმალურია, მაგრამ მე ვერასდროს ვიქნები „ღმერთის მეგობარი“.“
ზოგიერთი მათგანი, ვინც ამბობს: „წმიდა გულის ქონა შეუძლებელია“, მტკივნეული გამოცდილებიდან ლაპარაკობს. ისინი ცდილობდნენ ეცხოვრათ წმიდა ცხოვრებით - და ვერ შეძლეს. შესაძლოა ისინი იცავდნენ გარე წესებს, რომლებსაც ისინი უკავშირებდნენ სიწმიდეს; შესაძლოა, ისინი ცდილობდნენ ცოდვილი დამოკიდებულებებისა და ქმედებების გაკონტროლებას მკაცრი თვითდისციპლინის გზით; შესაძლოა ისინი წმიდა გულის შესახებ ამოწმებდნენ კიდეც. დღეს მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლებელია „იყო წმიდა, როგორც წმიდაა უფალი, შენი ღმერთი.”
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც სწავლობს ჩიტების ხმების იმიტირებას. ის ვარჯიშობს იქამდე, სანამ არ შეძლებს სტვენით ისეთივე ნოტები გამოსცეს, როგორც შაშვი. მას ისე კარგად გამოსდის, რომ მეზობელი ფიქრობს, რომ შაშვი გალობს. მაგრამ ეს კაცი არ არის ჩიტი! მას შეუძლია ბგერების იმიტირება, მაგრამ არ იცის ამ ბგერების მნიშვნელობა. მას შეუძლია ჩიტის მიბაძვა, მაგრამ არ იცის რას გრძნობს ჩიტი, როცა ის გალობს. მას აქვს გარეგანი მოქმედებები; მას არ აქვს შინაგანი რეალობა.
ბევრმა ქრისტიანმა ისწავლა წმიდა ადამიანის ენა და თუნდაც ქმედებები. სიტყვებს ამბობენ, მაგრამ გამოცდილება გულში არ აქვთ. მათ ჩაანაცვლეს შინაგანი რეალობა გარე მოქმედებებით. ამას მალევე მოყვება იმედგაცრუება და მარცხი.
როგორია პასუხა სატანის ტყუილზე: „წმიდა გულის ქონა შეუძლებელია”? ჩვენ უნდა გვქონდეს რწმენა ღვთის აღთქმებისადმი. უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი მოსიყვარულე მამა გვაძლევს ძალას, დავემორჩილოთ მის მცნებას.
დიახ, მე და თქვენ ვართ შეცდომებისკენ მიდრეკილი არსებები, რომლებიც ვერასდროს მივაღწევთ ღმერთის ღვთაებრივ სრულყოფილებას. მაგრამ ღმერთმა გვიბრძანა: „იყავით წმიდანი.” მიუხედავად ჩვენი დაცემული ბუნებისა, ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ კეთილ ღმერთს, რომ მოგვანიჭოს ის მადლი და ძალა, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავემორჩილოთ მის მცნებას.
„მე არ მწყურია, მქონდეს წმიდა გული“
სამწუხაროდ, ზოგიერთ ქრისტიანს არ სწყურია სიწმიდე. ისინი ამტკიცებენ, რომ ქრისტიანები არიან, მაგრამ ნაკლებად ან საერთოდ არ სურთ გაიზარდონ ქრისტეს ხატების მსგავსებაში.
ჯიმი საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, მაგრამ წმიდა ცხოვრებით ნაკლებად ინტერესდება. ის განაგრძობს განზრახ ცოდვების ჩადენას; ის ცხოვრობს ისევე, როგორც ცხოვრობდა ქრისტეს აღიარებამდე. მასთან ჩვენი ვიზიტის დროს ჯიმიმ ახსენა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც უფრო მეტად აკვირდებოდნენ თავიანთ ცხოვრების წესს. მათი დამოკიდებულებები სიყვარულიდან გამომდინარე იყო; მათი ქმედებები ცხადყოფდა მათ სურვილს, ესიამოვნებინათ ღმერთისთვის. მათ წმიდა გული და წმიდა ხელები ქონდათ.
ჯიმიმ კომენტარი გააკეთა სიწმიდის მიმართ მათი წყურვილის შესახებ და შემდეგ თქვა: „მე არ მაინტერესებს, რომ ვიყო წმიდა. ჩემმა პასტორმა მითხრა, რომ თუ მე მოვინანიე ჩემი ცოდვები და მწამს იესო, როგორც ჩემი მხსნელი, სამოთხეში წავალ. რაც მაინტერესებს არის მხოლოდ სამოთხეში წასვლა. ამაზე მეტი არ მჭირდება!”
რაში მდგომარეობს ჯიმის პრობლემა? მას არ აქვს სიწმიდის მიმართ წყურვილი. ვშიშობ, რომ ჯიმის არ ესმის რას ნიშნავს იყო ქრისტიანი. ზეციდან შობილ ადამიანს უნდა სურდეს იყოს ქრისტეს მსგავსი. ჭეშმარიტ ქრისტიანს უნდა სწყუროდეს, ქონდეს წმიდა გული.
რა არის იმის პასუხი, თუ წმიდა გულის ქონა არ გწყურია? შესაძლოა, თქვენ მართლაც ზეციდან ხართ შობილი, მაგრამ იმედგაცრუებული ხართ წარსული გამოცდილებით, იმედგაცრუებული ხართ თვალთმაქცებით, რომლებიც აცხადებდნენ, რომ წმიდები არიან, ან არასოდეს გინახავთ წმიდა გულის შესახებ გზავნილი წმიდა წერილში. თუ ასეა, სთხოვეთ ღმერთს, მოგცეთ წმიდა გულის ქონის წყურვილი.
„მე საკმარისად წმიდა ვარ“
ალბათ ყველაზე საშიში ტყუილი, რომელშიც შეგვიძლია საკუთარი თავი დავაჯეროთ, არის: „მე საკმარისად წმიდა ვარ.” ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ ისინი წმინდანი არიან ჩაცმულობის, ეკლესიის წევრობის ან იმის გამო, რომ აქვთ „სულიერი ნიჭები.” როგორც კი საკუთარ თავს დავარწმუნებ, რომ „მე საკმარისად წმიდა ვარ“, სიწმიდის შემდგომი ზრდა აღარ იქნება.
წმიდა ადამიანის უტყუარი ნიშანია, სიწმიდეში შემდგომი ზრდის სურვილი. მე ვერ ვპოულობ მაგალითებს წმიდა წერილში ან ეკლესიის ისტორიაში, ვინმეს რომ თქვას: „მე საკმარისად წმიდა ვარ.” რაც უფრო ღრმავდება ადამიანი ქრისტეს მსგავსებაში, მით უფრო სწყურია მას მეტი ზრდა.
კაცი ან ქალი, რომელიც ღმერთთან ახლოს დადის, ამბობს: „მე ბედნიერი ვარ ღმერთთან სიარულით, მაგრამ მსურს კიდევ უფრო ახლოს ვიარო მასთან!” წმიდა ადამიანს უხარია ღმერთთან თანაზიარება, მაგრამ ღმერთთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ეძებს. ის ხარობს, როდესაც იზრდება ქრისტეს მსგავსებაში, მაგრამ ასევე ლოცულობს, რომ ღმერთმა კიდევ უფრო დაამსგავსოს ის ქრისტეს.
როგორია პასუხი სიწმიდის ზედაპირული აღიარების თაობაზე? თუ თქვენ მოიტყუეთ თავი ცრუ კმაყოფილებით, პასუხი არის თავმდაბლობა ღვთის სრულყოფილი სიწმიდის წინაშე. თუ დაინახავთ მის სრულყოფილ სიწმიდეს, არასოდეს დაკმაყოფილდებით სიწმიდის ზედაპირული აღიარებით. როდესაც ესაიამ იხილა „უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი“, მან გააცნობიერა თავისში სიწმიდის საჭიროება:
ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს! (ესაიას 6:1, 5).
როდესაც ესაიამ დაინახა ღვთის სრულყოფილი სიწმიდე, მან გააცნობიერა სიწმიდეში მისი პირადი საჭიროება. წამალი სიწმიდის ზედაპირული აღიარებისგან, არის ღმერთის უფრო ღრმად შეცნობა. როდესაც ღმერთს ვხედავთ, უფრო დიდ წყურვილს ვგრძნობთ წმიდა გულის მიმართ. რაც უფრო მეტად დავინახავთ ღმერთს, მით უფრო მეტად ვისურვებთ მისდამი დამსგავსებას.
[1]ეს ისტორია ადაპტირებულია დან John N. Oswalt, Called to be Holy: A Biblical Perspective (Nappanee: Evangel Publishing House, 1999), 149-150
გზა სიწმიდისაკენ
როგორ გავხდეთ ქრისტეს მსგავსნი? როგორ შეძლებ შენ, მორწმუნე, რომელსაც გსურს აღივსო ღმერთის მთელი სისავსით, მიიღო ეს შესანიშნავი საჩუქარი? როგორია წმიდა გულისკენ მიმავალი გზა?
ჩვენ არ გვჭირდება ბრძოლა, რათა ვიპოვოთ გზა სიწმიდისაკენ. ღვთის სიტყვა გვიჩვენებს გზას წმიდა ცხოვრებისკენ.
საწყისი განწმედა
თქვენი ზეციდან შობის მომენტიდან სულიწმიდა ცხოვრობს თქვენში (რომაელთა 8:1-2, 9-11). ერთ წამში თქვენ გადახვედით სიბნელიდან სინათლეში. ამ მომენტიდან მოყოლებული, ახალი აღთქმა აღგწერთ თქვენ, როგორც „წმინდანს.”
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კვლავ გიწევდეთ ბრძოლა ცდუნებებთან, სულიწმიდა მოგცემთ ყოველდღიურ გამარჯვებას განზრახ ცოდვაზე. თქვენს გარშემო მყოფები დაინახავენ ტრანსფორმაციას, როდესაც თქვენ ცხოვრობთ თქვენი ახალი ცხოვრებით ქრისტეში. გაიხარეთ იმით, რაც ღმერთმა გააკეთა!
ზრდა განწმედაში
როდესაც თქვენ მიჰყვებით ქრისტეს, სულიწმიდა გარდაქმნის თქვენს შინაგან სულს. როდესაც თქვენ „სულით დადიხართ“, თქვენ აღარ „აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს” (გალატელთა 5:16). ძველი ცდუნებები კარგავენ ძალაუფლებას თქვენზე. ღვთისადმი მორჩილებას მუდმივი სიხარული მოაქვს.
თუმცა, თქვენ ხედავთ ბრძოლის სფეროებს. თქვენ ემორჩილებით ღმერთს, მაგრამ ზოგჯერ არსებობს ბრძოლა ღვთის მცნებებსა და თქვენს შინაგან სურვილებს შორის. არსებობს ბრძოლა ღმერთის ბრძანებასა და თქვენს ეგოისტურ ნებას შორის. თქვენ უკვე გიჭირთ ღმერთის სიყვარული სრულად და მოყვასის სიყვარული. თქვენ იწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ თქვენ გაქვთ „გაყოფილი გული.”
გულის სისუფთავე
როდესაც ღმერთი გამოავლენს სფეროებს, სადაც უფრო ღრმა განწმედა გჭირდებათ, თქვენ გექნებათ წყურვილი 1 თესალონიკელთა 5:23-ში ჩაწერილი აღთქმის მიმართ. თქვენ შეეცდებით გაიგოთ პავლეს ლოცვის რეალობა: „თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად.” თქვენ დაიწყებთ ღმერთისადმი შეკითხვას: „კიდევ რისი გაკეთება გსურს ჩემს ცხოვრებაში? შემიძლია გავხდე სუფთა? შეიძლება ჩემი შინაგანი სურვილები გარდაიქმნას ისე, რომ აღარ მიწევდეს ბრძოლა შენდამი სრულად დამორჩილებისთვის?”
ქრისტიანები მთელი ისტორიის მანძილზე ლოცულობდნენ, რომ ღმერთს მიეცა მათთვის სუფთა გული. 1 თესალონიკელთა 5:23-ზე დაყრდნობით, ზოგიერთმა გამოიყენა ეს სახელი, „სრულად განწმედა“, ამ გამოცდილებისთვის („მთელი“ არის „სრულის“ გამომხატველი კიდევ ერთი ტერმინი, სიტყვა, რომელიც გამოიყენება 1 თესალონიკელთა 5:23-ში. ეს არ ნიშნავს "სრულ სიმწიფეს;" ეს ნიშნავს სრულ სიწმიდეს და განწმედას.). სხვებმა მას "უფრო ღრმა ცხოვრება" უწოდეს.” ჯონ უესლიმ გამოიყენა ტერმინი „სრულყოფილი სიყვარული.” ტერმინოლოგიის მიუხედავად, ეს არის ღვთის შვილის ბუნებრივი წყურვილი, რომელსაც სურს გაიზარდოს ქრისტეს მსგავსებაში.
როდესაც ლოცულობთ ამ ღრმა განწმენდისთვის, შეგიძლიათ იპოვოთ სამი სფერო, სადაც ღმერთი შეგიძღვებათ. ეს არ არის ის მსჯავრდადება, რომელსაც გრძნობდით, როგორც ურწმუნო; თქვენ ახლა ღვთის შვილები ხართ! პირიქით, ეს ის სფეროებია, სადაც ღმერთი გიწოდებთ წმიდა გულის ქონისკენ.
ღმერთი მოგიწოდებთ სრული მორჩილებისკენ
ზოგიერთი მორწმუნე იბრძვის წმიდა გულის მოსაპოვებლად, რადგან ისინი ჯერ კიდევ ებრძვიან დაუმორჩილებლობას გარკვეულ სფეროებში. ჩვენ არ შეგვიძლია ვიაროთ ღმერთთან ერთად მჭიდრო ურთიერთობაში, თუ ამას არ გავაკეთებთ მორჩილებაში.
არცერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი არ ცხოვრობს ნებაყოფლობით აჯანყებაში ღვთის მცნებების წინააღმდეგ. თუმცა, ბევრმა ქრისტიანმა იპოვა გზა გაამართლოს ან უარყოს (თუნდაც საკუთარი თავისთვის) დაუდევრობა გარკვეულ სფეროში. ისინი არასოდეს იტყვიან: "ღმერთო, მე არ დაგემორჩილები", მაგრამ ამბობენ: "ღმერთო, არ მგონია, რომ ეს საკმარისად მნიშვნელოვანი იყოს განსახილველად.” ისინი უბრალოდ უგულებელყოფენ დაუმორჩილებლობის ზოგიერთ სფეროს. თუ გვინდა ვიყოთ ის წმიდა ხალხი, როგორსაც ღმერთი მოიხსენიებს თავის ხალხად, უნდა დავემორჩილოთ ღმერთს ყველა სფეროში.
როგორც დაცემული ადამიანები, ჩვენ თავსაც კი ვატყუებთ ჩვენი ცოდვის სიღრმის შესახებ. აქედან გამომდინარე ლოცულობდა მეფსალმუნე:
გამომიკვლიე უფალო და შეიცანი ჩემი გული; შემამოწმე და გაიგე ჩემი აზრები. ნახე, ზიანის მომტან გზაზე ხომ არ ვდგავარ და მარადიულ გზაზე წამიძეხი! (ფსალმუნის 138:23-24).
მეფსალმუნე ლოცულობდა, რომ ღმერთს გამოეკვლია და შეეცნო მისი გული. მან იცოდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ბოლომდე შევიცნოთ ჩვენი გული. მაგრამ როდესაც ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ „ღვთის მთელი სისავსე“, ჩვენ ვლოცულობთ, რომ ღმერთმა გამოავლინოს ჩვენი ცოდვილი ბუნების ყველა ასპექტი.
დავითი ლოცულობდა: „ვინ გააცნობიერებს თავის შეცდომებს? განმწმიდე მე დაფარულთაგან” (ფსალმუნის 18:12). მან იცოდა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავუმალოთ ჩვენი ცოდვის რეალობა საკუთარ თავსაც კი. მხოლოდ ღმერთს შეუძლია გაანათოს ჩვენი გულის ყველაზე დაფარული კუთხეები.
როდესაც სუფთა გულს ეძიებთ, აღმოაჩენთ, რომ ღმერთი გამოავლენს სფეროებს, სადაც თქვენი დამოკიდებულებები და მოქმედებები არ ავლენს მის ხატებას. იმის გამო, რომ გსურთ იყოთ ქრისტეს მსგავსი, თქვენ ნებით აღიარებთ ამ სფეროებს და დაემორჩილებით ღვთის მოწოდებას სრული მორჩილებისკენ.
ღმერთი მოგიწოდებთ მიძღვნილი გულის ქონისკენ
როდესაც თქვენ ეძიებთ სუფთა გულს, ღმერთი მოგიწოდებთ დანებდეთ მას თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტში. ეს უფრო მეტია ვიდრე გარე ცდუნებაზე „არას“ თქმა. ეს არის საკუთარი თავის ღმერთისთვის სრული მიძღვნა. ეს არის თქვენი ნების სრული დამორჩილება ღვთის ნებისადმი.
პავლემ მოუწოდა ქრისტიანებს რომში, თავი წარედგინათ „ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად” (რომაელთა 12:1). ესენი იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ღვთისადმი მორჩილებაში, მაგრამ პავლემ მათ მოუწოდა ღმერთის უფრო ღრმა მორჩილებისკენ. პავლემ მოუწოდა მათ, ეთქვათ „მარადიული დიახ“ ღმერთისთვის. მან მათ სრული მორჩილებისკენ მოუწოდა.
ოსვალდ ჩემბერსმა აჩვენა ღვთის განზრახვისთვის სრულად მორჩილების მნიშვნელობა.
იესო ქრისტესთან ერთიანობისთვის ადამიანი მზად უნდა იყოს არა მხოლოდ ცოდვაზე თქვას უარი, არამედ დაუმორჩილოს მას თავისი შეხედულება ყველაფერზე. ღვთის სულით ზეციდან შობა ნიშნავს, რომ ჯერ უნდა ვიყოთ მზად, რომ გავუშვათ, სანამ სხვა რამეს ჩავწვდებით….
[1] ამ პროცესის ყველა ეტაპზე, ჩვენ მოგვიწევს უარი ვთქვათ პრეტენზიაზე ჩვენ უფლებებზე, საკუთარი თავის სასარგებლოდ. მზად ვართ დავთმოთ ყველაფერი რაც გვაქვს, ჩვენი სურვილები და ყველაფერი სხვა ჩვენს ცხოვრებაში? მზად ვართ თავი გავაიგივოთ იესო ქრისტეს სიკვდილთან?
… მიიღეთ გადაწყვეტილება, გაიაროთ კრიზისი, მისცეთ მას ყველაფერი, რაც გაქვთ და რაც ხართ. და ღმერთი მაშინ მოგამზადებთ, რომ გააკეთოთ ყველაფერი, რასაც ის მოითხოვს თქვენგან.[2]
ჯორჯ მეთისონი იყო შოტლანდიელი პრესვიტერიანელი პასტორი, რომელმაც თავის გულში აღმოაჩინა წინააღმდეგობა ღვთის ნების მიმართ. მას სწყუროდა განუყოფელი გულის ქონა, რომელიც ნებაყოფლობით დაემორჩილებოდა ღმერთს. მან მორჩილების ეს ლოცვა წარმოთქვა:
მამყოფე შენს ტყვეობაში, უფალო, და თავისუფალი ვიქნები. მომაყოლე დანებებას და გამარჯვებული ვიქნები. შემახვიე შენს მკლავებში და ძლიერი ვიქნები.[3]
მეთისონს ესმოდა, რომ სრული მინდობით, ჩვენ ნამდვილ გამარჯვებას მოვიპოვებთ. როდესაც საკუთარ თავს ღმერთს ტყვედ ვაბარებთ, ის გვათავისუფლებს ცოდვის მონობისაგან. როდესაც სუსტები ვართ, ის გვაძლიერებს. ჩვენ ვპოულობთ ჩვენს უდიდეს გამარჯვებას, როდესაც მივაღწევთ ღმერთისადმი სრულად მინდობის წერტილს.
ღმერთი მოგიწოდებთ, რომ ენდოთ მას რწმენით
თუ თქვენ სრულად დაემორჩილებით ღმერთს, შეგიძლიათ ენდოთ მას, რომ „რწმენით განწმედს თქვენს გულებს” (საქმეების 15:9). ჩვენ რწმენის მეშვეობით, მადლით განვიწმიდეთ.
როგორც ცოდვილი, არაფრის მქონე მიხვედი ქრისტესთან. მის წყალობაზე დაიამედებული. რწმენით მიიღე მისი ხსნის უფასო შეთავაზება და მან შეგქმნა ახალ ქმნილებად.
ისევე, როგორც გწყურიათ გქონდეთ წმიდა გული, რწმენით უნდა მიხვიდეთ ქრისტესთან. ღმერთი, რომელმაც სიწმინდისკენ მოგიწოდათ, გაქცევთ წმიდად. შეგიძლიათ ირწმუნოთ, რომ მისი დაპირება თქვენთვისაა. პავლეს ლოცვა: „თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად და მთლიანად“ შეიძლება რეალობად იქცეს თქვენს ცხოვრებაში. შეგიძლიათ დაიჯეროთ ღვთის დაპირებები.„ერთგულია, ვინც მოგიწოდათ, რომელიც აღასრულებს კიდეც ამას” (1 თესალონიკელთა 5:23-24).
ესაიას მე-6 თავი - განწმედის ისტორია
„წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს“ გასძახოდნენ ანგელოზები, ხოლო ესაია კანკალებდა! ესაიას სჭირდებოდა საკუთარი თავის „უწმიდურად“ დანახვა, სანამ წმიდა ღმერთი მას ერის სულს ანდობდა.
ესაიამ საკუთარი გული რომ დაინახა, შესძახა: „ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ.” მან დაინახა საკუთარი ცოდვილი ბუნების სიღრმე. მაგრამ ღმერთმა არ დატოვა ის ამ საშინელ მდგომარეობაში.
„და მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი, რომელსაც ხელში სამსხვერპლოდან აღებული მოგიზგიზე მუგუზალი ეჭირა მაშით. ბაგეზე შემახო და თქვა: "აჰა, შეეხო მუგუზალი შენს ბაგეს და მოგცილდა ურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა.’”
გაწმედა ხშირად მტკივნეულია. გესმით როგორ იწვის ხორცი, როდესაც ანგელოზი აღებული მოგიზგიზე მუგუზალით ბაგეზე ეხება ესაიას? ამის მინიჭება არ იყო უფასო; გაწმედა არ არის უმტკივნეულო.
თუმცა ეს ისტორია საოცარ და გამამხნევებელ სიმართლეს გვასწავლის. თუ მას ნებას მივცემთ, ღმერთი გაგვწმედს. ღვთის განზრახვა არ იყო ესაიას ტანჯვა; ღვთის განზრახვა იყო ესაიას განწმედა. ღვთის განზრახვა თავისი ხალხის მიმართ შეიძლება შესრულდეს. ჩვენ შეგვიძლია განვიწმიდოთ.
უწყვეტი ზრდა სიწმიდეში
პავლე ლოცულობდა: „თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად და მთლიანად“. ის აგრძელებს: „თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის” (1 თესალონიკელთა 5:23). თქვენი ზრდა ქრისტეს მსგავსებაში გაგრძელდება „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლამდე.” ღმერთთან ერთად სიარულისას თქვენ განაგრძობთ ღვთის ხატებაში გარდაქმნას (2 კორინთელთა 3:18). თქვენ სიწმიდეში გაიზრდებით. გააგრძელებთ ღვთის ნებისადმი სიხარულით მორჩილებას. თქვენ ივლით ღმერთისადმი უწყვეტ და გაცნობიერებულ მორჩილებაში.
დაფიქრდით თქვენი ქორწილის დღეზე. თქვენს ქორწინებაში თქვენ იღებთ მთელი ცხოვრების ვალდებულებას. ყოველ დილით არ კითხულობთ: „დღესაც ქორწინებაში ვარ? წინასაქორწინო შეთანხმება კვლავაც ძალაშია?” თქვენ აიღეთ ერთხელ და სამუდამო ვალდებულება. აღთქმის დარღვევის ერთადერთი გზა, ქორწილში დადებულ ფიცზე უარის თქმაა.
თქვენი ქორწინების ყოველი დღე ცხოვრობთ ქორწილში აღებული ვალდებულების შესაბამისად. როდესაც გადაწყვეტილების წინაშე დგებით, ირჩევთ მოქცევას მეუღლის მიმართ სიყვარუკიდან გამომდინარე. ერთხელ და სამუდამო ვალდებულება სრულდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ანალოგიურად, ღმერთისთვის თქვენი მორჩილება არის ერთხელ და სამუდამო ვალდებულება. არ არის საჭირო ყოველდღე იკითხო: „ისევ ვარ ღმერთის მორჩილებაში?” ამის ნაცვლად, ყოველი დღე ცხოვრობთ იმ ვალდებულების მიხედვით, რაც თქვენ აიღეთ, როდესაც სრულად მიენდეთ ღმერთს.
დიდი შოტლანდიელი მქადაგებელი, ჰორაციო ბონარი წერდა, წმინდა პიროვნების მუდმივ ზრდაზე.
წმიდა ცხოვრება შედგება უამრავი წვრილმანისაგან. მცირე ფრაზები და არა მჭევრმეტყველი გამოსვლები ან ქადაგებები; მცირე საქმეები და არა სასწაულები, არც ბრძოლები, არც ერთი დიდი გმირული საქციელი ან ძლიერი მოწამეობა ქმნიან ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას. წვრილმანებისგან არის შექმნილი დიდი ცხოვრება.[4]
ეს არის სიწმიდის ყოველდღიური ცხოვრება. თქვენ ცხოვრობთ წმიდა ცხოვრებით არა თქვენი ძალით, არამედ სულიწმიდის სისავსით. წმინდა ცხოვრება ღმერთისადმი განუყოფელი სიყვარულის ურთიერთობაა. საუბარია მისით აღტაცებაზე. ეს არის მასთან ყოფნის სურვილის ყველაფერზე მაღლა დაყენება. ეს ცეცხლი მიგიყვანთ ღმერთთან მუდმივად გაღრმავებულ ურთიერთობაში.
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანი ცდილობდა ეცხოვრა ღმერთისგან დამოუკიდებლად. სატანამ აცდუნა ევა დაპირებით: „ღმერთის მსგავსები იქნებით” (დაბადების 3:5). ბაბილონში ხალხმა გადაწყვიტა „ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემიც ცას მისწვდება. და ასე შევიქმნით სახელს” (დაბადების 11:4). თავის ეგოცენტრულობაში ადამიანს სურს ღმერთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება. ამის საპირისპიროდ, წმიდა ცხოვრება ღმერთზე სრული დამოკიდებულებით ცხოვრებაა.
სიწმიდე ღმერთს ეკუთვნის; მე და თქვენ წმიდები ვართ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვცხოვრობთ მასთან უწყვეტ ურთიერთობაში. თქვენ ვერასდროს მიაღწევთ იმ მდგომარეობას, როდესაც შეგეძლებათ თქმა: „მე ჩემი ძალით ვარ წმიდა.” ამის ნაცვლად, თქვენ უნდა თქვათ: „დღეს სულიწმიდა მაძლევს ძალას, ვიცხოვრო წმიდა ცხოვრებით. დღეს მის ხატებაში გარდავიქმენი. დღეს მე ვემორჩილები ღმერთს გულით, რომელსაც ის სრულყოფილად უყვარს. დღეს მე მიყვარს ჩემი მოყვასი ღვთის მადლით. დღეს სულიწმიდა მაქცევს ისეთად, როგორადაც ღმერთმა მომიწოდა. ეს არის სიწმინდეში ცხოვრება.
[4]Horatius Bonar, God’s Way of Holiness (Chicago: Moody Press, 1970), 125-126
ათი პრაქტიკული გზა სიწმიდეში ყოველდღიური ცხოვრების განსავითარებლად
სიწმიდეში თანმიმდევრული და ნაყოფიერი ცხოვრება მოითხოვს კულტივირებას და აღზრდას.[1] გულის განწმედა არ არის ჩვენი სიწმიდისკენ სწრაფვის დასასრული. ჩვენ ვგავართ იმ პილოტებს, რომლებმაც თავიანთი თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მიმართეს, მაგრამ რომლებსაც თვითმფრინავის დაშვებამდე მრავალი კორექტირება დასჭირდებათ.
ქრისტიანის სულიერი სიკვდილი საკუთარი თავისთვის არის ცოცხალი სიკვდილი - მუდმივი სიკვდილი. ჩვენი მსხვერპლი ცოცხალი მსხვერპლია - მუდმივი მსხვერპლი. სიტყვების წარმოსახვა, როგორიცაა „სიკვდილი საკუთარი თავისთვის“, მხოლოდ სულიერი რეალობის სასწავლებლად არის გამიზნული, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ გადავუხვიოთ ღვთის სიტყვას. სუფთა გული არ არის ჩვენი სიწმიდის ძიების დასასრული. სუფთა გული და მორჩილება უკეთესად გვამზადებს მოგზაურობისთვის, მაგრამ ჩვენ მთელი ცხოვრება გვაქვს აღმასვლისთვის!
სულით სავსე ცხოვრება ზრდისა და მზარდი განწმედის ცხოვრებაა. ღვთის სულით ჩვენ „გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში” (2 კორინთელთა 3:18). ეს არის პრაქტიკული რჩევა მათთვის, ვისაც სურს სიწმიდის გაღრმავება (1 კორინთელთა 6:11).
(1) დარჩით სულიერად გატეხილები.
ჭეშმარიტად წმიდა ცხოვრება იქნება მუდმივი მონანიების ცხოვრება (მათეს 6:12). რადგან ღმერთი აგრძელებს ჩვენი დეფორმაციების განკურნებას და ქრისტეს სრულყოფილ ხატად ჩვენს გარდაქმნას. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ღმერთის ღიმილი ჩვენს ცხოვრებაში, სწრაფად უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ვიაროთ იმ შუქზე, რომელსაც ღმერთი ანათებს ჩვენს გზაზე (1 იოანეს 1:7).
(2) მიიღეთ ღვთის სასჯელი.
ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი ცხადყოფს, რომ ჩვენი ზეციერი მამისგან სასჯელის მიღება და არა უგულებელყოფა საშუალებას მოგვცემს „წილი გვქონდეს მის სიწმიდეში” (ებრაელთა 12:10). არავის სიამოვნებს ღვთაებრივი საყვედური, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ხშირად ხდება ჩვეულებრივი ადამიანების მეშვეობით, რომლებსაც აქვთ საკუთარი ნაკლოვანებები. თითოეულ ჩვენგანს აქვს მიდრეკილება უგულებელყოს მტკივნეული შესწორებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მომდინარეობენ არასრულყოფილი მეუღლისგან ან არასრულყოფილი სულიერი ლიდერისგან, რომლებიც ღმერთმა დააყენა ჩვენს ზემდგომად. მაგრამ სასჯელი არის ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი, რომლითაც გვაშორებს სიუხეშეს და გვაყალიბებს ქრისტეს ხატად.
თუ ოდესმე მივალთ იქამდე, რომ შესწორებას ვერ მივიღებთ, თუნდაც სულიერად ნაკლებად ზრდასრული ადამიანებისგან, მაშინ ჩვენ დავტოვებთ სიწმიდისკენ აღმავალ გზას.
(3) წარუდგინე თავი ღმერთს ყოველდღიურ მსხვერპლად.
პავლე შეგვახსენებს, რომ ჩვენ უნდა წარვუდგინოთ ღმერთს ჩვენი სხეულები, ყველაფერი მადისა და სურვილების ჩათვლით, „ცოცხალ მსხვერპლად” (რომაელთა 12:1). ჩვენი სხეულები, რომლებიც ოდესღაც იყო „უმართლობის იარაღი” (რომაელთა 6:13). ღვთის მადლით გარდაიქმნება „სიმართლის იარაღად.”
პავლემ აჩვენა ღმერთისადმი მუდმივი მორჩილების ეს მიმდინარე პროცესი ქრისტიანული ცხოვრების გრაფიკულ სურათში. მან თქვა: "თქვენ დაიხოცეთ და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში". მან განაგრძო დავალებით: „მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები” (კოლასელთა 3:3, 5). მოიქეცით ასე და თქვენ მიიღებთ მადლის უფრო და უფრო დიდ საზომებს.
(4) ყოველდღიურად ჩაუკვირდით წმიდა წერილებს.
განწმედილი, ქრისტეს მსგავსი ხასიათი არ არის მყისიერი შედეგი, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის სიტყვაზე ჩაფიქრების და მისი მორჩილების შედეგია. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ ისინი განიწმიდენ სიტყვის მეშვეობით. „თქვენ უკვე განიწმიდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ” (იოანეს 15:3). შემდეგ იესო ლოცულობდა, რომ ისინი კვლავაც განწმედილიყვნენ სიტყვის მეშვეობით. „განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით; შენი სიტყვაა ჭეშმარიტება” (იოანეს 17:17). ღმერთი სრულყოფს ჩვენი განწმედის საქმეს მისი სიტყვის თანმიმდევრული მორჩილებით.
(5) ყოველდღიურად იესოთი შეიმოსეთ.
წმიდა ცხოვრება მიიღწევა ქრისტეს დამოკიდებულებებითა და სათნოებებით გააზრებულად შემოსვით. „არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე...” (რომაელთა 13:14). ფრაზა „შემოსვა“ ნიშნავს იესოს მსგავსად აზროვნებას, მისი სულის კოპირებას და მის მსგავსად მოქცევას. მორწმუნეებმა ყოველდღიურად უნდა აირჩიონ, დაემსგავსონ იესოს მის წმიდა სიყვარულში, სიხარულში, მშვიდობაში, პატიებაში, სიმშვიდეში, მოთმინებაში, სიკეთეში, სულგრძელობაში და თავშეკავებაში.
(6) ნუ იზრუნებთ ხორცზე.
ქრისტეთი შემოსვის შემდეგ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ „სხეულზე ზრუნვა გულისთქმად არ გავიხადოთ” (იქვე.). შესაძლებელია, რომ სულით აღსავსე გულში კვლავ აღდგეს პირადი ინტერესები? ეს რომ არ ყოფილიყო შესაძლებელი, პავლე ამ შეგონებას არ მოგვცემდა. სანამ ცოცხლები ვართ, თავმდაბლობა უნდა ავირჩიოთ. ყველა სულით აღძრულმა მამაკაცმა და ქალმა ისწავლა, რომ ღვთისმოსაობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ გულმოდგინედ თვითგანვითარებით, მუდმივი მზრუნველობითა და ყურადღებიანი ლოცვით. თუ ხორცი ჯვარცმული არ დარჩება, ის ადგება და სულიერ დამარცხებას გამოიწვევს, როგორც აფრიკელი კაცი, რომელიც ვერ ირიდებდა ძაღლებისგან ფეხების დაკბენას, რადგან ჯიბეში ხორცს ატარებდა!
(7) განაახლეთ გონება ყოველდღიურად.
თქვენი გონება არის ბრძანების გამცემი ცენტრი თქვენი ცხოვრებისა და მისი გარდაქმნის საიდუმლო. „რადგან როგორც გულში ფიქრობს, ისეთია იგი” (იგავების 23:7). თქვენს გონებას აქვს ისეთი ძალაუფლება თქვენს ცხოვრებაზე, რომ თქვენ ჩამოყალიბდებით იმის მიხედვით, რისკენაც მიმართავთ თქვენს გონებას. პავლე ასწავლიდა: „ნუ მიესადაგებით ამ ქვეყნიერებას, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი” (რომაელთა 12:2).
(8) შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი.
ღმერთის სრულყოფილი გეგმა ყველა მორწმუნესთვის არის ის, რომ „შევძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს” (ეფესელთა 6:11). ჩვენ ამას ვაკეთებთ ყოველდღიურად შემოსვით ღვთის საჭურველით - ჭეშმარიტებით, სიმართლით, მზადყოფნით, რწმენით, გადარჩენაში დარწმუნებით და ღვთის სიტყვით. შემოსილნი იყავით საჭურველით, რადგან ჩვენ მტერს მარტონი ვერ გავუმკლავდებით!
(9) განავითარეთ სულიწმიდის უწყვეტი გაცნობიერება.
თუ გსურთ იყოთ წმიდა, უნდა მოიწვიოთ სულიწმიდა, რათა აივსოთ მისით და მან დაალაგოს თქვენი ცხოვრების ყველა ოთახი: თქვენი მისაღები (სოციალური ცხოვრებისა და გართობის ოთახი), თქვენი საძინებელი (მორალური ცხოვრებისა და სექსუალობის ოთახი), თქვენი სამზარეულო (მადისა და სურვილების ოთახი) და თქვენი კაბინეტი (ფინანსური და საქმიანი გადაწყვეტილებების ოთახი). ძალიან ხშირად ვიბრძვით, რომ გავხდეთ წმიდები, რადგან ვერ ვახერხებთ განვავითაროთ სულიწმიდასთან ყოველ წუთიერი გაცნობიერება და გულწრფელად ვითხოვთ „მამის აღთქმულს“, რომელსაც იესო სიხარულით გვაძლევს. შესაძლოა, შიშია ჩვენი თხოვნის სურვილის ნაწილი. არ უნდა გვეშინოდეს. იესომ ეს მშვენიერი დაპირება მოგვცა: „თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს!” (ლუკას 11:13).
(10) იცხოვრეთ მადლით.
იესომ თქვა: „მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ” (იოანეს 15:5 ). ჩვენ გავხდით წმინდები, რადგან ვაზს ვეკუთვნით. ნაყოფს სწორედ ვაზი იძლევა. ჩვენ სულ უფრო მეტად ნაყოფიერი ვხდებით არა იმით, რომ ვცდილობთ ვიყოთ კარგები, არამედ იმიტომ, რომ იესოზე ვართ შემოხვეულები.
ბევრი ქრისტიანი განიცდის უზარმაზარ შფოთვას, ღმერთთან ერთად სიარულთან დაკავშირებით. ზოგი, ვისაც ასწავლეს სულის ღრმა ძიება, ზედმეტად თვითდაკვირვების მწარმოებელი ხდება. სულიერი ზრდის დონის მიუხედავად, ისინი შიშობენ, რომ მაინც ვერ „შეესაბამებიან“ ღვთის მოთხოვნებს.
სხვა ქრისტიანებს ასწავლიდნენ, რომ ქონოდათ განსაკუთრებული ემოციური გამოცდილების მოლოდინი მას შემდეგ, რაც ღმერთი განწმედდა მათ გულებს და გახდიდა მათ წმიდად. ისინი ყურადღებას ამახვილებენ საკუთარ თავზე და საკუთარ ემოციებზე და არა ღმერთზე. თუმცა, ბიბლია გვასწავლის, რომ სიწმიდე არის ქრისტეში დამკვიდრების ნაყოფი. როდესაც ჩვენ სულით დავდივართ, ვფხიზლობთ ლოცვაში, ვიკვებებით სიტყვით, ვმონაწილეობთ ქრისტიანულ თაყვანისმცემლობასა და თანაზიარებაში, ვაღიარებთ ჩვენს შეცდომებს და დავდივართ სინათლეში, ღმერთი გვაყალიბებს ქრისტეს ხატების მსგავსად. ჩვენ შეიძლება ვერ დავინახოთ ისეთი განვითარება, როგორიც გვსურს ერთ კვირაში ან ერთ თვეში, მაგრამ თუ გადავხედავთ იქ, სადაც ვიყავით ერთი წლის წინ ან ხუთი წლის წინ, აუცილებლად დავინახავთ პროგრესს!
პავლე ამხნევებდა ყველა მორწმუნეს, რომ იგივე ღმერთი, რომელმაც დაიწყო ჩვენი განწმედის საქმე, აუცილებლად დაასრულებს: „და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც დაიწყო თქვენში კეთილი საქმე, დაასრულებს კიდეც იესო ქრისტეს დღემდე” (ფილიპელთა 1:6).
გულისა და ცხოვრების სიწმიდე მოგზაურობაა. ეს ათი ბიბლიური პრინციპი დაიცავს ჩვენს სულს უბედურებისა და ცდუნების ქარიშხლებისგან და შეგვანარჩუნებინებს კავშირს ჩვენს ზეციურ სახლთან.
[1]ეს ნაწილი ადაპტირებულია მეუფე Timothy Keep გაკვეთილიდან.
იპოვეთ საიდუმლო?
თითოეულ გაკვეთილზე ჩვენ ვკითხულობდით ეკლესიის ისტორიიდან ვიღაცის შესახებ, ვინც იყალიბებდა წმიდა გულს. ზოგი მათგანი ცნობილი ქრისტიანი იყო. ზოგიც ნაკლებად ცნობილი ადამიანი, რომლებიც მშვიდად ცხოვრობდნენ წმიდა ცხოვრებით.
ახლა შენი ჯერია. გწყურია გქონდეს წმიდა გული? გსურთ ღმერთთან სიახლოვე? გსურთ დაემსგავსოთ თქვენს ზეციერ მამას? შეგიძლიათ იყოთ წმიდა.
გწყურიათ სულის სისავსე? გსურთ ემსახუროთ ღმერთს განუყოფელი გულით? თქვენ შეგიძლიათ იყოთ „სრულყოფილი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.” თქვენ შეგიძლიათ გიყვარდეთ ღმერთი და მოყვასი, სულიწმიდის ძალით, რომელიც არის თქვენს ცხოვრებაში.
არჩევანი თქვენზეა. მთლიანად მიუძღვნით ღმერთს თქვენს თავს? თუ თქვენი პასუხია დიახ, თქვენ იპოვით უშრეტ კმაყოფილებას, როდესაც მიუახლოვდებით მას. თქვენ იპოვით სიხარულს, როცა ღმერთი ჩამოგაყალიბებთ თავის ხატად. თქვენ იპოვით გულის სიმშვიდეს, რომელიც მთლიანად ღმერთს ეკუთვნის. თქვენ ივლით ყოველდღიურ გამარჯვებაში სულიწმიდის სისავსით. ღვთის მადლით თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ წმიდა ცხოვრებით.
მე - 12 გაკვეთილის მიმოხილვა
(1) წმიდა ცხოვრება შესაძლებელია ღვთის ყოველი ჭეშმარიტი შვილისთვის.
ღვთის სიტყვა გვასწავლის, რომ წმიდა ცხოვრება შესაძლებელია.
ქრისტიანებმა მთელი ისტორიის მანძილზე აჩვენეს, რომ წმიდა ცხოვრება შესაძლებელია.
ჩვენი, ღვთისგან ბოძებული სიწმიდის მიმართ წყურვილი მოწმობს, რომ წმიდა ცხოვრება შესაძლებელია.
(2) ღვთის სიტყვა გვიჩვენებს გზას წმიდა ცხოვრებისკენ.
ჩვენი ხელახლა შობის მომენტში ღმერთი იწყებს მუშაობას ჩვენზე, რომ გაგვხადოს წმიდები. ეს არის თავდაპირველი განწმედა.
როდესაც ჩვენ მივყვებით ქრისტეს, ჩვენ ვიზრდებით განწმედაში.
ღმერთს სურს მოგვცეს სუფთა გული. მოწოდება გულის სიწმიდისკენ მოიცავს:
მოწოდება სრული მორჩილებისკენ
მოწოდება გულის მიძღვნისკენ
მოწოდება სრული ნდობისაკენ
მას შემდეგ, რაც ჩვენი გული სუფთაა, ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას ქრისტეს მსგავსებაში.
(3) ზოგიერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სიწმიდეში ყოველდღიური ცხოვრების განვითარება, არის:
დარჩით სულიერად გატეხილები.
მიიღეთ ღვთის სასჯელი.
წარუდგინე თავი ღმერთს ყოველდღიურ მსხვერპლად.
ყოველდღიურად ჩაუკვირდით წმიდა წერილებს.
ყოველდღიურად იესოთი შეიმოსეთ.
ნუ იზრუნებთ ხორცზე.
განაახლეთ გონება ყოველდღიურად.
შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი.
განავითარეთ სულიწმიდის უწყვეტი გაცნობიერება.
იცხოვრეთ მადლით.
გაკვეთილის დავალებები
(1) წაიკითხეთ 1 თესალონიკელთა 5:23-24.
(2) თითოეულ გაკვეთილზე ჩვენ ვლოცულობდით სიწმინდისთვის. ამ გაკვეთილის ბოლოს დაწერეთ საკუთრივ თქვენი ლოცვა სიწმინდისთვის. დაწერეთ თქვენი ლოცვა და სთხოვეთ ღმერთს, გაგიძღვეთ მისი ხატების მსგავსებაში ზრდის გაგრძელებაში. სრულად მიუძღვენით თავი მის კონტროლს და მის ნებას თქვენს ცხოვრებაში. ილოცეთ რწმენით, რომ ღმერთმა, რომელმაც გიხსნათ, შეასრულოს თავისი განზრახვა, გარდაგქმნათ თქვენ თავის ხატად.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.